"მზად ვარ, პარლამენტში მივიდე“

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, იგი მზადაა, პარლამენტში მოხსენებით წარსდგეს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩემი ანგარიშის მიწოდება პარლამენტისთვის რეგლამენტის დაცვით მოხდა და როდესაც უნდა მივსულიყავი ჩემს გუნდთან ერთად, მე უნდა წარვმსდგარიყავი ანგარიშით, სადაც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია ქართული საზოგადოებისთვის. მაგრამ, იმის ფონზე, რაც წინა დღეებში მოხდა თქვენთვის ადეკვატური იქნებოდა მე, რომ ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოციალური პროგრამების დინამიკაზე მესაუბრა?  მე არ ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატური ნაბიჯი იქნებოდა. ბუნებრივია, მზად ვარ, საქართველოს პარლამენტში მივიდე,“ - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პარლამენტში მოხსენებით 27 ივნისს უნდა წარმსდგარიყო, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ პარლამენტში აღარ მივიდა.

ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანია პუტინს ხანგოშვილის მკვლელობის გამართლების მცდელობაში ადანაშაულებს