ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს. გერმანელ პოლიტიკოსს 747-სავარძლიან ევროპარლამენტში ასარჩევად 374 ხმის მოპოვება სჭირდებოდა. ხმების დათვლის შედეგად კი დადგინდა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენმა 383 ხმა მოიპოვა. მის წინააღდეგ კი 327-მა დეპუტატმა მისცა ხმა. შესაბამისად, ის ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე წინამორბედს, ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის.

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერლეიენი გაერთიანების ისტორიაში ევროკომისიის პირველი ქალი ხელმძღვანელია. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პოლიტიკოსი გერმანიის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი გახდა. მას შემდეგ, ფონ დერ ლეიენს აღნიშნული თანამდებობა უკავია. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ის ანგელა მერკელის მჭიდრო მოკავშირეა და საზოგადოების დიდი ნაწილი გერმანიის მომავალ კანცლერად მოიაზრებდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენი ბრიუსელში დაიბადა, 13 წლის ასაკში კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, რის შემდეგაც ლონდონის ეკონომიკის სკოლაში ჩაირიცხა და სწავლა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში განაგრძო. მოგვიანებით, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თავი მედიცინის სფეროში სცადა. ის ჰანოვერში, სამედიცინო სასწავლებელში გინეკოლოგიას სწავლობდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა პოლიტიკური კარიერა 43 წლის ასაკში დაიწყო. მას შემდეგ, ის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრია. ურსულა ფონ დერ ლეიენს 2001-2004 წლებში ჰანოვერში სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. 2003 წელს კი ქვემო საქსონიის პარლამენტის წევრი გახდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენმა საკვანძო პოზიცია პირველად  2005 წელს დაიკავა, როდესაც ანგელა მერკელმა ის საოჯახო საკითხების, ხანდაზმული მოქალაქეების, ქალების და ახალგაზრდების სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშნა. ოთხი წლის შემდეგ, მან ბუნდესტაგში, გერმანიის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დაიკავა სავარძელი.

მიუხედავად იმისა, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენის პოლიტიკური გამოცდილება არცთუ ბევრ წელს ითვლის, მას აღნიშნულ სფეროსთან მაინც მჭიდრო კავშირი აქვს. ურსულა ფონ დერ ლეიენის მამას საქსონიის მხარეში აქტიური პოლიტიკური კარიერა ჰქონდა.

60 წლის ურსულა ფონ დერ ლეიენს შვიდი შვილი ჰყავს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp