"შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს"

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს".

მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს ლეგიტიმურად იყო ძალა გამოყენებული დემონსტრანტების წინააღმდეგ.

„200 კაცს აღმოსავლეთში აგროვებენ და 200 დასავლეთში უყრიან თავს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხალხი ბრძენია და ყველაფერს ამჩნევს. 21 ივნისიდან მოყოლებული ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დამქაშები, „ევროპული საქართველო“ თუ პატარა პარტიები, მასთან ასოცირებულები, დაჟინებით ითხოვენ გახარიას გადადგომას. არც ვაშინგტონში და არც ევროპაში, სადაც ნახეს ეს კადრები, არსად კითხვა არ აღიძრა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციაზე. ლეგიტიმური ძალა იყო გამოყენებული და არავის კითხვა არ აქვს. ლეგიტიმაციაზე კითხვა რომ აღძრულიყო, ამ შემთხვევაში დადგებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. არსაიდან ამის მსგავსი კითხვა არ ისმის - არც ევროპაში, არც ელჩებთან, ვიცი ვაშინგტონის პოზიციაც. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვა არ არსებობს“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში.

მისი სეფასებით, გიორგი გახარიას გადადგომა "სამშობლოს ღალატი იქნებოდა":

"თუ აქციაზე ცალკეულ შემთხვევებში არაპროპორციული ძალა იქნა გმაოყენებული, ამაზე მიდის გამოძიება. ერთი პოლიციელი ბრალდებულია, დანარჩენებს დაველოდებით. გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა, პირდაპირი მნიშვნელობით. გახარია რომ გადამდგარიყო 21-ში ან 22-ში, ეს ბიჭები ვინც ამას ორგანიზებას უკეთებდნენ და ის პოლიტიკოსები ვინც ამ მოწოდებს აკეთებდნენ, რომ პარლამენტში შესულიყვნენ… აბა, რატომ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში დაუსვით კითხვა. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადატრიალება სურდათ. გახარია რომ გადადგეს ნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არ არსებობს”.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა პროტესტი 20 ივნისს დაიწყეს, რისი მიზეზიც რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გახდა. 

რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp