ივანიშვილი – ენმ–ზე: "უნდათ, რუსი ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს"

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ოკუპაციაში ლომის წვლილი მიუძღვის „ნაციონალური მოძრაობას“: ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს და დღესაც ასე უნდათ, ტურისტი კი არ უნდათ, რომ შემოვიდეს, უნდათ, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს". 

„რომ არა მათი დაუდევრობა, მათი ღალატი, მათი ქცევა, რუსი ჯარი ვერ შემოვიდოდა საქართველოში 2008 წელსაც“, – განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.

ამასთან, როგორც ივანიშვილი ირწმუნება, ამ განცხადებით ის საქართველოს ტერიტორიებზე რუსული ჯარის ყოფნას არ ამართლებს. 

„არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსის ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. „ქართული ოცნებიდან“ ჩვენ ყველანი ვიყენებთ ტერმინს, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი, მაგრამ ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ. დღეს რომ გულზე იხატავენ „არა ოკუპაციას“, ესენი ვის ეუბნებიან არა ოკუპაციას? მათ მოახერხეს ქართული ტერიტორიების ოკუპირება. „არა ოკუპაციას“ როდესაც იხატავენ გულზე „ქართული ოცნების“ წევრები, მათ უნდა მოსთხოვონ პასუხი ამაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპაცია მომხდარიყო“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან სავაჭრო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებსა და რუსი ტურისტების საქართველში შემოსვლაზეც ისაუბრა.

„ის, რომ რუსი ტურისტი შემოდის, სწორედ რუსი ტურისტი, ის, რომ ვაჭრობა გვაქვს და სავაჭრო ურთიერთობები უნდა გვქონდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი, რომ მოვახერხოთ და პოლიტიკოსების მიერ დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა, რაც აუცილებელია. ეს ყველაფერი არის საჭირო, რათა მოვახერხოთ, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და ნორმალური ურთიერთობა დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოსთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp