ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" ბრალდებით ქართველი დააკავეს

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში "საქართველოსთვის ჯაშუშობის" საქმესთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ თანამშრომელ სერგეი ლიპინის შემდეგ დაკავებულია კიდევ 3 პირი, მათ შორის, ლიპინის ქართველი მეუღლე ნანული ჭულუხაძე. 

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ისინი კომპიუტერული ცენტრის მფლობელი ძმები ქრისტოფორ და გიორგი თედეევები არიან. 

როგორც დე ფაქტო უშიშროებაში აცხადებენ, სამივე დაკავებულით სამართალდამცველი ორგანოები ლიპინთან ხშირი კონტაქტის გამო დაინტერესდნენ. 

"წინასწარი გამოძიების პროცესში სერგეი ლიპინმა და ნანული ჭულუხაძემ აღიარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემაში მდგომარეობდა, რითაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ზიანი ადგებოდა. ეს დანაშაული გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის სს კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით და განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ღალატი" - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მისივე ინფორმაციით, სერგეი ლიპინმა აღიარა, რომ "ქართულმა სპეცსამსახურებმა იგი 2006 წელს სოფელ ერედვში გადსაიბირეს, სადაც ის ცოლის ნათესავებთან დადიოდა". 

"სარგებლობდა რა რესპუბლიკის პირველ პირებთან და საკუთვრივ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ფართო კონტაქტებით, ლიპინი ადვილად მოიპოვებდა და საქართველოს გადასცემდა მონაცემებს, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება. ლიპინს მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის საელჩოს თანამშრომლებთანაც და ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია "როსსის", ხელმძღვანელობის პერიოდში იგი აქტიურად ასრულებდა ქართველი სპეცსამსახურების დავალებებს, ხანდახან კი კურატორების დაკვეთებს საკუთარი ინიციატივით ასრწრებდა" - ირწმუნება დე ფაქტო უშიშროება. 

რაც შეეხება ნანული ჭულუხაძეს, დე ფაქტო უშიშროების მტკიცებით, "იგი ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს ფოტოებს უღებდა, ხოლო შემდგომ თბილისში მყოფ ქალიშვილს უგზავნიდა". 

ადგილობრივმა ტელევიზიამ ამ საქმესთან დაკავშირებით დე ფაქტო უშიშროების მიერ მომზადებული ფილმის უჩვენა, რომელსაც ოსურ საზოგადოებაში ფართო განხილვა მოჰყვა. 

ოსურ სეგმენტში კომენტატორთა დიდი ნაწილი დე ფაქტო უშიშროების ოფიციალურ განცხადებებსა და ტელევიზიით ნაჩვენებ ფილმს არადამაჯერებლად მიიჩნევს და 2006 წლის "ჯაშუშურ ისტორიას" იხსენებს, როდესაც ოსური ტელევიზიით ყოფილი დე ფაქტო შს მინისტრის ალან პარასტაევის აღიარებითი ჩვენება გადაიცა: იგი დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მოსაშორებლად ე.წ სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს, თავად ეს გადატრიალება კი ოსური უშიშროების მტკიცებით, ქართული სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი. 

ცხინვალის დე ფაქტო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სერგეი ლიპინს, ნანული ჭულუხაძესა და ძმებ თედეევებს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. საქმის დეტალებს დე ფაქტო უშიშროება "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" არ ახმაურებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp