მელია – ივანიშვილს: "გახარიას გადადგომა იქნებოდა თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი"

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმიანება და იავნიშვილს "უკიდურესად დაბნეულ, შფოთვებისგან გაღიზიანებულ და შეშინებულ ოლიგარქს"უწოდებს.

ნიკა მელიას თქმით, ივანიშვილი დღეს "პირველად და საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას", გაამართლა მისი მოქმედებები 20 ივნისს და ირიბად დაადასტურა, რომ ყველაფერი მასთან იყო შეთანხმებული.

„ივანიშვილმა დღეს პირველად თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიზირებული. ეს სიამაყით თქვა და ისიც დაამატა, რომ ეს სისტემა ერთ ადამიანზეა აგებული. ივანიშვილმა მოახერხა და განაცხადა, რომ გახარია არის მაგარი კაცი და მისი თანამდებობიდან გადადგომა ან გადაყენება სამშობლოს ღალატი იქნებოდა. აქ კი მინდა, მას დავეთანხმო და ვუთხრა, ბატონო ივანიშვილო, დიახ, ეს იქნება სამშობლოს ღალატი, ოღონდ არა ჩვენი სამშობლოსი, არამედ თქვენი სამშობლოს, რუსეთის ღალატი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილმა დღევანდელი განცხადებებით ღიად დაადასტურა მისი პრორუსული პოლიტიკა და მას ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია ნეგატიურ ჭრილში გავრილოვთან დაკავშირებით.

„თქვენ ხართ წარსული. და დღეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, არჩევანი არის ძალიან მარტივი. ან რუსეთი ან დასავლეთი. რამდენი ადამიანიც არ უნდა დააკავოთ და შერეკოთ ციხეში, თქვენ თავს ვერ იხსნით და პასუხს აგებთ ისტორიის წინაშე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე: ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 20–21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობაზე კითხვები არ არსებობს.

ივანიშვილი – "ნაციონალურ მოძრაობაზე": "უნდათ, რუსი ტურისტი კი არა, რუსი ჯარისკაცი შემოვიდეს"

ცნობისთვის: თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნა,  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, რასაც დემონსტრანტები ამ დრომდე მოითხოვენ,  ხელისუფლება ამბობს, რომ გახარია არ გადადგება. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp