ირაკლი ოქრუაშვილი მისი დაცვის წევრის დაკავებას “რუსთავი 2”- ის საქმეს უკავშირებს

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი მისი დაცვის წევრის დაკავებას ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის საქმეს უკავშირებს. 

“მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!! [...] სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი. სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.

სამი წელია ჩემი და შენი "შნირის" (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.

და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო - ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.

მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი მაკაროვით რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი "დაგასაჩუქრებს", იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი", – მიმართავს ოქრუაშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. 

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 17 ივნისს დააკავეს.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილმა "რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წელს შეიტანა. ოქრუაშვილი ხალვაშისგან 13 მლნ აშშ დოლარის ანაზღაურებას ითხოვს. 

2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ხალვაშმა 2005-2010 წლებში ოქრუაშვილისა და მასთან აფილირებული პრებისგან 7.7 მილიონი დოლარი ისესხა წლიური 10%-ით. აღნიშნული დოკუმენტის სხვა პუნქტის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. დღეს "რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოაქვეყნოს. 

ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაქვეყნოს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა