„NATO-ში თურქეთის როლი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე F–35–ებისა და S–400–ების საკითხი“

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ–ის მიერ თურქეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „ალიანსში თურქეთის როლი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე F–35–ებისა და  S–400–ების საკითხი“. 

ამის შესახებ სტოლტენბერგმა კოლორადოში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

„პენტაგონის განცხადებით, თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების წარმოების პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს. შექმნილი ვითარება ჩვენთვის ყველასთვის ცუდია. სადღეისოდ ჩემი, როგორც გენმდივნის პასუხისმგებლობაა, ერთის მხრივ, ძალისხმევა მივმართო ამ საკითხის მოგვარებისკენ, მეორეს მხრივ, თუ ეს საკითხი არ მოგვარდება, მინიმუმამდე მაინც დავიყვანო უარყოფითი შედეგები. ალიანსში თურქეთის როლი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე F–35–ებისა და S–400–ების საკითხი. სწორედ თურქეთის დახმარებით შეძლო საერთაშორისო კოალიციამ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება. ჩვენ ვიყენებთ, თურქეთის ბაზებს, ინფრასტრუქტურას. თურქი სამხედროები ჩვენს არაერთ მისიაში არიან ჩართულები და დიდი წვლილი შეაქვთ კოსოვოსა და ავღანეთში მშვიდობის ხელშეწყობაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, F–35–ებისა და  S –400–ების თავსებადობა წარმოუდგენელია, რადგან კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.

ცნობისთვის: პენტაგონის განცხადებით, თურქეთი ამერიკული ავიაგამანადგურებელ F-35-ების წარმოების პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად ანკარას მიერ რუსული სარაკეტო სისტემა S-400–ების შეძენა სახელდება.

რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. 

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოჯახი – პოლიციის განყოფილებაში 3–საათიანი დაკითხვის შემდეგ 15 მოზარდი მე–9 სართულიდან გადმოხტა