სუს–ი: "ერგნეთში დაკავებულთა საქმე საქართველოს კანონმდებლობით წარიმართება"

საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ოკუპირებული  რეგიონიდან გამოქცეული ორი დაკავებული პირის საქმეზე ყველა პროცედურას მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით წარმართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განუცხადა. 

ოსური მხარე დაკავებულთა გადაცემას მოითხოვს.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი".

დე ფაქტო უწყების ცნობით, მის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ძებნილ, ადრე ნასამართლევ გაბარაევს და კაბისოვს სამართალდამცავებმა 16 ივლისს მიაკვლიეს ცხინვალის ოკუპირებული რაიონის სოფელ ზალდაში, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში იმალებოდნენ. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მის თანამშრომლებს გაბარაევმა და კაბისოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და მძიმედ დაიჭრა ორი სამართალდამცველი და ერთი თავდამსხმელი.

"გაბარაევი და კაბისოვი ოკუპირებული რეგიონიდან გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც 17 ივლისს დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა", – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp