სტრასბურგმა "რუსთავი 2"–ის საქმეზე დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება გააუქმა

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში; სასამართლომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მე-6 მუხლი არც თბილისის უზენაეს სასამართლოში დარღვეულა.

მოსამართლე დე გაეტანომ, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს, განსხვავებული მოსაზრება დაწერა ამ საქმეზე. მისი აზრით, საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

„რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის დიდ პალატაში გაასაჩივროს.

სტრასბურგში "რუსთავი 2" რამდენიმე მუხლის დარღვევაზე დავობს, ესენია:

სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება;

გამოხატვის თავისუფლება;

უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები;

საკუთრების დაცვა

ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს-მ არასრულწლოვანების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავა (ვიდეო)