"რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მხოლოდ ერთი ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას და ეს შეჩერების მექანიზმის მოხსნაა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

"ერთადერთი ნაწილი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ეს არის შეჩერების მოხსნა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვინაიდან ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება ძალაში იყოს და ის არის მოხსნილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვიდივე მოსამართლის მიერ. ეს გადაწყვეტილება დღეიდან არის ძალაში. შესაბამისად, ჩვენ, მხარეები, თუკი რამეს გავასაჩივრებთ, ეს იქნება, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. აქ სხვა სადავო არაფერი ჩანს. რაც შეეხება გასაჩივრების პროცედურებს, მხარეებს ამისთვის სამი თვის ვადა აქვთ, თუმცა გასაჩივრებული საჩივრის განხილვა ავტომატური არ არის. შუაში არსებობს ფილტრაციის კოლეგია",– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.  

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგმა "რუსთავი 2"–ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp