სააკაშვილი: "ყველას მობილიზაციისაკენ მოგიწოდებთ"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდებს. 

"მოგიწოდებთ ყველას მობილიზაციისაკენ, ახლა არის საგანგებო სიტუაცია, ახლა არის ის ბოლო ზღვარი, რომლის იქით ქვეყანა საბოლოოდ იკარგება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ერთად დგომას ურჩევს: 

„მოდით, გვერდზე გადავდოთ შვებულებები, დასვენებები, კარგი ცხოვრება, რაღაც სხვა ჩვენი გეგმები და დავაყენოთ სამშობლო ჩვენზე მაღლა. ამ საზიზღრობამ, ბოროტებამ, არ უნდა გაიმარჯვოს. ბნელეთის ძალებმა საბოლოოდ საქართველო ხელში არ უნდა ჩაიგდონ. ვდგებით ერთად, ვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას, ჩემი აზრით. მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს მომავალი, ახლა დავსხდეთ ერთად, ყოველგვარი პირადი ინტერესების გარეშე და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის ბოლომდე, გამარჯვებამდე, ივანიშვილის მოშორებამდე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ დაუყონებლივ რიგგარეშე არჩევნებს, დავიხსნათ მისი კლანჭებისგან სასამართლო სისტემა“.

მისივე თქმით, ერთად დგომით მიზანს მიაღწევენ.

„ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, თუ ერთად ვიქნებით და ვიდგებით ერთად. მე ვარ თქვენთან და მზად ვარ თქვენთან ერთად ვიბრძოლო“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp