რა შემთხვევაში დატოვებს გვარამია თანამდებობას: "რუსთავი 2"–ს გენდირექტორის კომენტარი

"რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არხის მფლობელების მიერ მასთან დადებული კონტრაქტის ლეგიტიმურობის საკითხი მფლობელის შეცვლის გამო არ დადგება. 

"ჩემთვის გამსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ჩემი კონტრაქტი ჩემივე მოთხოვნით შეიცავს ჩემი განთავისუფლების უმაღლეს გარანტიებს. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც და აქ წერია, რომ ჩემი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ დარღვევისთვის ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ჩემი განთავისუფლება. ქიბარ ხალვაშს რა დამოკიდებულება აქვს ამ კონტრაქტთან, ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემი მუშაობის პერიოდში ის არ იყო დამფუძნებელი. ვინც იყვნენ დამფუძნებლები, მათ მომცეს გარანტია და ეს ლეგიტიმური კონტრაქტია. მისი ბათილობა მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება",– განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან გვარამია, მის წინააღმდეგ პროკურატურაში შესულ საჩივარს, თითქოს მან უფლებამოსილებას გადაამეტა, საქმიანობაში ჩარევად განიხილავს:

"ცდილობენ, გამოიყენონ ყველა ხერხი, რომ უარი ვთქვა ამ გარანტიებზე. ეს გამორიცხულია. მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წავალ არხიდან საკუთარი ნებით, ეს არის ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება, რომ ჯობია, მე წავიდე და არა ხელისუფლების, თუ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, მე ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ ვაპირებ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან კანონიერი გზებით ვერავინ გაუშვებს. ამ კონტრაქტზე დავა ქართულ სასამართლოში შეუძლებელია. აქ არის დათქმა ლონდონის არბიტრაჟზე. კი ბატონო, იდავეთ კონტრაქტის გაუქმებაზე, მაგრამ ამ კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია".

გვარამიას თქმით, კონტრაქტს ვადა 2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არ გეგმავს, აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს მხოლოდ და მხოლოდ ნიკა გვარამია.  

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულის იზოლატორში ლიკვიდაცია იგეგმებოდა"