რა წერია ნიკა გვარამიას კონტრაქტში, რა გარანტიები მისცეს მას არხის მფლობებელმა

უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის მფლობელად ცნობილმა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშს საჯარო რეესტრმა არხის წილები გადაუფორმა. მანამდე ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ერთადერთი პირი, რომელსაც თანამდებობიდან გაათავისუფლებს, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. თავის მხრივ ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას არხის მფლობელებთან დადებული აქვს კონტრაქტი, რომელიც სერიოზულ გარანტიებს შეიცავს, ამ კონტრაქტს ვადა  2020 წლის 31 დეკემბრამდე აქვს, მისი დარღვევა შეუძლებელია და მასზე არხის მფლობელის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს.

„რუსთავი 2“–ის იურისტი თამთა მურადაშვილი განმარტავს, რა წერია კონტრაქტში.

„კონტრაქტი გულისხმობს, რომ შეუძლებელი იქნება დირექტორის გათავისუფლება უსაფუძვლოდ და გაწერილია ეს პირობები. ამ პირობის დარღვევის შემდეგ კომპანიას მოუწევს ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა – საუბარია რამდენიმე მილიონზე. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა იქნება განსჯადი ლონდონის არბიტრაჟის მიერ და არა ქართული სასამართლოების. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მოხსნა, პრეტენზიები მის წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმის გადახდა და სხვა საკითხები უნდა იქნას გადაწყვეტილი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში“,– განაცხადა იურისტმა. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp