ნანუკა ჟორჟოლიანი – ბიძინა ივანიშვილს: "გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ!"

„თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ“, - ასე მიმართავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გადაცემა „ნანუკას შოუ“-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს. 

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს არა ქიბარ ხალვაში, არამედ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ, ის მიმართავს არა ქიბარ ხალვაშს, არამედ  ბიძინა ივანიშვილს:

„ეს არხი ერთიანია როგორც არასდროს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ბრძოლას მომავალში მოგვაგებინებს. ეს არხი შედგება ადამიანებისგან. მესმის, რომ ქიბარ ხალვაშმა დახატა ლოგო, რომელსაც ის გვედავება, მაგრამ ამ ლოგოს მიღმა ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც აგერ უკვე ათეულობით წელია ვართ ერთი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ თუ მას სურს, რომ დაამტკიცოს, რომ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, შეეშვას ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და ამ პოზიციაში ვართ ერთიანები, როგორც არასდროს“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp