„რუსთავი 2“–ის საქმე: ხელისუფლების შეფასება და ოპოზიციის ხედვები

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ განაჩენს მმართველი გუნდი ქართული სასამართლოს გამარჯვებად მიიჩნევს, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრძოლა არ დასრულებულა, ის გრძელდება და ტელეარხის „არავისთვის დაანებებას არ აპირებენ“. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე:

„დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი, შეიძლება ითქვას. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება "რუსთავი 2"-ის და მის მფლობელებს ამჟამინდელს, ყარამანაშვილებს არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა. მეორე შეჩერების მექანიზმი, რომელიც აღსრულებას შეეხებოდა მოხსნილი და გაუქმებულია. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს“.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა:

„სტრასბურგმა დაადასტურა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილების სისწორე. ეს ცალსახა და მკაფიო გადაწყვეტილება არ ტოვებს სხვადასხვა სახის ინტერპრეტირების შესაძლებლობას“.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ „რუსთავი 2“ - ის კოლექტივს შეუძლია, საქმიანობა ახალი ტელევიზიის სახითაც განაგრძოს:

„დღეს ახალი ტელევიზიის გახსნას არაფერი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, სადაც არანაირი კავშირი ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი აზრით, პირადი აზრით, არა აქვს“.

რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციის წარმომადგენელების თქმით, ბრძოლა გრძელდება და სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება". 

ოპოზიციური გაერთიანების ერთ–ერთი ლიდერი  გრიგოლ ვაშაძე:

„უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ბრძოლა გრძელდება და ჩვენი მხარდამჭერებისთვის და საქარათველოს ყველა მოქალაქისთვის ვინც სიტყვის თავისუფლებას თვლის უპირველეს ღირებულებად ბრძოლა გრძელდება და ჩვენ "რუსთავი 2"-ს არავის არ დავანებებთ. ჩვენ ამ ტელევიზიას აუცილებლად დავიცავთ ისევე როგორც სიტყვის თავისუფლებას. მე არასოდეს ეჭვი არ შემიტანია და არც ახლა ვაპირებ ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანას, მაგრამ ის, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოში დღეს შექმნილ რეალობას, ესეც ფაქტია. სანამ დიდი პალატის გადაწყვეტილება არ იქნება, ვერანაირი ხალვაში ამ ტელევიზიის მფლობელი ვერ გახდება".

“თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე:

“რუსთავი 2“ აუცილებლად გამოიყენებს და გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას დიდ პალატაში. თვითონ ხელისუფლებამ დააწესა ის სტანდარტი, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომ სანამ დიდი პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც მან თვითონ გაასაჩივრა, მანამდე აღსრულების მექანიზმი არ შევიდა ძალაში“.

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლი სალომე სამადაშვილი:

„ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან იმიტომ, რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა. ეს იყო თვითაღიარებითი ჩვენება, რომ არანაირი კერძო დავა ეს არ იყო. დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ ებრძოდა „რუსთავი 2“-ს”.

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია:

სწორი გადაწყვეტილებაა, რომ „რუსთავი 2“ ამ გადაწყვეტილებას დიდი პალატაში გაასაჩივრებს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და ივანიშვილის გუნდს მოვუწოდო, კიდევ ერთი მძიმე შეცდომა არ დაუშვან და მინიმუმ დიდი პალატის გადაწყვეტილებამდე იმ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, რაც არსებობს ტელევიზიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის, მათშორის, რომელიც გენერალურ დირექტორ გვარამიას ეხება, არ შეეხონ. ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ახლა ამ გამარჯვებით რაც მათ გონით, რომ გამარჯვებაა, შეცვლიან იმ ტალღას, რაც ქვეყანაშია. პირიქით, მდგომარეობას მხოლოდ დაამძიმებენ და რისკებს გაზრდიან. თვითონ ამით პოლიტიკურად ვერ გადარჩებიან“. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, ანუ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს, რაც ნიშნავს, რომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდება, როგორც ეს გადაწყვეტილება სამი ინსტანციის სასამართლომ მიიღო საქართველოში.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

გვარამია „რუსთავი 2“-ის დირექტორობიდან გადააყენეს და პაატა სალია დანიშნეს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp