"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

როგორც ჩანს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ისთვის დავა ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც არხის მიერ წარდგენილ სარჩელში დარღვევები არ დააფიქსირა, საჯარო რეესტრმა ტელეკომპანიის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. შესაბამისად, დღეიდან არხს ოფიციალურად ახალი მესაკუთრე ჰყავს, თუმცა კვლავ რჩება სადავო საკითხები, რომლებსაც მხარეები განსხვავებულად კითხულობენ. საქმე იმაშია, რომ სტრასბურგმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (სასამართლომ არხი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა) აღსრულების შეჩერების მექანიზმი მოხსნა, თუმცა მოსარჩელეებს დაუტოვა შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებასთან დაკავშირებით ამავე სასამართლოს დიდ პალატაში იდავონ. „რუსთავი 2“–ის იურისტები ამ შესაძლებლობის გამოყენებას გეგმავენ. მათი განმარტებით, გასაჩივრების სამთვიანი ვადის ამოწურვამდე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში შესულად არ ითვლება და საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს უფლება, არხის მესაკუთრედ ქიბარ ქალვაში დაარეგისტრიროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს შეფასდება ოპოზიციური მედიის დახურვის მცდელობად და თანამდებობრივ დანაშაულად. 


„თუ დიდი პალატა წარმოებაში მიიღებს ჩვენს სარჩელს, განიხილავს მას და დაადგენს, რომ მაგალითად, მოსამართლე ურთმელიძე იყო მიკერძოებული, საქმე სრულად დაინგრევა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამ დროს ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშზე იქნება რეგისტრირებული, საქმის შეტრიალება შეუძლებელი გახდება. ამიტომ ახლა ქიბარ ხალვაშის კანონსაწინააღმდეგო დარეგისტრირება იქნება საქართველოს კონსტიტუციის, ევროპული კონვენციის დარღვევა და შესაძლოა, თანამდებობრივი დანაშაულიც“,– განმარტა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ამ ნაწილში გადაწყვეტილება და საკუთარი უფლებამოსილება განსხვავებულად წაიკითხეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.


"ერთადერთი ნაწილი, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ეს არის შეჩერების მოხსნა. გადაწყვეტილებაში წერია, რომ ვინაიდან ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დაუშვებლად იქნა ცნობილი, სტრასბურგის სასამართლო აღარ თვლის საჭიროდ, რომ შეჩერების ღონისძიება ძალაში იყოს და ის არის მოხსნილი. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შვიდივე მოსამართლის მიერ. ეს გადაწყვეტილება დღეიდან არის ძალაში. შესაბამისად, ჩვენ, მხარეები, თუკი რამეს გავასაჩივრებთ, ეს იქნება, ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. აქ სხვა სადავო არაფერი ჩანს“,– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

კიდევ ერთი სადაო საკითხი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას უკავშირდება, რომელიც ხალვაშის მოთხოვნით თანამდებობიდან გადააყენეს. თუმცა თავად გვარამია ამბობს, რომ მისი არხიდან გაშვება შეუძლებელია და ამის გარანტიებს უკვე ყოფილ მფლობელებთან დადებული კონტრაქტი იძლევა, რომელსაც ვადა 2020 წლის 31 დეკემბერს ეწურება და ამ ვადამდე გვარამია არხის დატოვებას არ აპირებს.  


„კონტრაქტი გულისხმობს, რომ შეუძლებელი იქნება დირექტორის გათავისუფლება უსაფუძვლოდ და გაწერილია ეს პირობები. ამ პირობის დარღვევის შემდეგ კომპანიას მოუწევს ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა – საუბარია რამდენიმე მილიონზე. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა იქნება განსჯადი ლონდონის არბიტრაჟის მიერ და არა ქართული სასამართლოების. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მოხსნა, პრეტენზიები მის წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმის გადახდა და სხვა საკითხები უნდა იქნას გადაწყვეტილი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში“,– განმარტა „რუსთავი 2“–ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.  

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გადაწყვეტილებას ნაჩქარევად აფასებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ლია მუხაშავრია. 


„ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო [ქიბარ ხალვაშის რეგისტრაცია]. ყველა შემთხვევაში, რეგისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში უნდა იჩივლოს „რუსთავი 2“–მა. კანონიერ ძალაში შესული არ არის ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ვიდრე სამი თვე არ გავა“,– განუცხადა „აქცენტს“ იურისტმა.

რაც შეეხება სტრასბურგის გადაწყვეტილებას, იურისტი გაოგნებულია:  

„იმდენად გამაოგნებელი, უცნაური გადაწყვეტილებაა, როდესაც არაფერი დააკმაყოფილა სასამართლომ, ეს იმ პირობებში, როდესაც წინასწარი ღონისძიებები იყო მიღებული [უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება], რომ საინტერესოა, რა მოხდება დიდ პალატაზე [სტრასბურგში]“.


განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველს ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძეს. როგორც იურისტმა „აქცენტს“ განუცხადა, სადღეისოდ სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალაში შესულად ითვლება, თუმცა იურიდიული და სასურველი საკითხები ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ.

კახა კოჟორიძე: აქ ორი მომენტია. პირველი, წმინდა სამართლებრივი, ფორმალისტური მიდგომა საკითხისადმი და მეორე – როგორ სჯობდა. წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც გაუქმდა სტრასბურგისვე მიღებული დროებითი მექანიზმი, ეს ნიშნავს, რომ აღარ არსებობს ხელისშემშლელი სამართლებრივი გარემოება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებაში. შესაბამისად, მესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, იურიდიული გაგებით, კანონიერია. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ რაღაც ნაწილში მაინც არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობა, მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, იურისტი, რომელსაც სურს, რომ პროცესები არა დაძაბულ და პოლარიზებულ გარემოში, არამედ რაციონალურ, მშვიდ ვითარებაში წარიმართოს, ვისურვებდი, დღესვე არ მომხდარიყო ამის აღსრულება, მისცემოდა „რუსთავი 2“–ს გასაჩივრების შესაძლებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადაწყდებოდა ამ საჩივრის დასაშვებობა–არდასაშვებობის საკითხი, მომხდარიყო აღსრულება.   

სწორედ ეს არგუმენტი აქვთ „რუსთავი 2“–ის იურისტებს. ისინი გეგმავენ გასაჩივრების მექანიზმის გამოყენებას და როგორც თავადვე ამბობენ, თუ დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რომელიმე მოსამართლემ არხთან დაკავშირებით მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, ეს სრულიად ცვლის ვითარებას და იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს კომპანია ქიბარ ხალვაშზე იქნება გაფორმებული, საქმის უკან შემობრუნება შეუძლებელი იქნებაო...

სამართლებრივი შესაძლებლობა იმისა, რომ სტრასბურგის დიდმა პალატამ  რაიმე ცვლილება შეიტანოს მოცემულ ვითარებაში, არსებობს. თუ ასეც მოხდა, ავტომატურად არ შეიცვლება სასამართლოს უკვე მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქიბარ ხალვაშია მესაკუთრე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საქართველოს სასამართლოში ამ საქმის ხელმეორედ განხილვის საფუძველი. განხილვის ხელმეორედ დაწყების პროცესში ისევ უნდა ამტკიცონ მხარეებმა საკუთარი პოზიციები და თავიდან უნდა მოხდეს მესაკუთრის დადგენა. და თუ ამ პროცესში აღმოჩნდა, რომ თურმე ხალვაში არასწორად გამხდარა მესაკუთრე, არხის ყოფილ მესაკუთრეებს ახალი დავის ეტაპზე ექნებათ შესაძლებლობა, ხალვაშს დაუყადაღონ საკუთრება, რათა სხვაზე არ გადააფორმოს და ა.შ. ამასთან, თუ დავის პროცესში რაღაც სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენა ხალვაშმა, რითაც ყოფილ მესაკუთრეებს ზიანი მიადგა, სტანდარტული სამართლებრივი პროცედურები უნდა იქნეს გამოყენებული – ზიანის ანაზღაურება და ა.შ.

დღეს ოფიციალურად გადაიფორმა „რუსთავი 2“–ის წილები ქიბარ ხალვაშმა და შეცვალა არხის გენერალური დირექტორი, თუმცა გვარამიამ ყურადღება საკუთარ კონტრაქტზე გაამახვილა. ეს ქმედებები რამდენად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში და ამ ვითარებაში რა გზები რჩებათ არხის იურისტებს?

კონკრეტული რამის თქმა გამიჭირდება, რადგან არ ვიცნობ კონტრაქტს, რომელზეც ბატონი ნიკა გვარამია საუბრობს. მაგრამ თუ კონტრაქტი ისეთია, როგორც თავად საუბრობს, მას ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და იდავოს. არის ალბათობა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მისი გადაყენება არ იყოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი მოქმედება.

მოცემულობა გვაქვს ასეთი, რომ "რუსთავი 2"–ის გენდირექტორი თანამდებობიდან გადააყენეს, თუმცა გვარამია ამბობს, არხიდან ვერ გამიშვებენო. ასეთ ვითარებაში ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შესვლის უფლება და იძულება, მან დატოვოს შენობა, აქვთ?

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს ყველას, ხოლო მისი აღსრულების შესაძლებლობა  – სახელმწიფოს. თუმცა, როგორც ვიცით, გვარამიას გენდირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, ეს საკითხი სასამართლოს მიერ არ არის გადაწყვეტილი. არხის მფლობელი შეიცვალა და ახალ მფლობელს აღარ სურს გვარამიასთან მუშაობა–პროცესი ამ ლოგიკით მიდის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების სახელმწიფოს მიერ აღსრულება ვერ მოხდება. ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია, ამიტომ სახელმწიფო გვარამიას შენობიდან ძალის გამოყენებით ვერ გამოიყვანს.

იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრის მიერ დღეს განხორციელებული ქმედება გარკვეული არგუმენტაციით გასაჩივრდა სასამართლოში „რუსთავი 2“–ის მიერ, რა მოხდება შემდეგ, ეს მისცემს არხს დროს?

ამ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მექანიზმის გამოყენება და მიღებული გადაწყვეტილებების შეჩერება შესაძლებელია, თუმცა მე პრაქტიკულად ვერ ვხედავ საფუძველს, რა არგუმენტით უნდა მოხდეს ხალვაშის მესაკუთრედ რეგისტრაციის შეჩერება. სტრასბურგის დიდ პალატაში დავა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს, თუმცა გვარამიას დირექტორობასთან დაკავშირებით განსხვავებული სიტუაციაა. მას შეუძლია, წარადგინოს კონტრაქტი, განაცხადოს, რომ მისი გათავისუფლება იყო უკანონო და სანამ ამ საკითხის განხილვა მოხდება, გამოყენებულ იქნეს უზრუნველყოფის ღონისძიება და შეჩერდეს ჩემი გენდირექტორობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება, პლუს დაიწყოს დავა ლონდონში.  

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ კონტექსტს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიმდინარე პროცესებში რამდენიმეგვარ საფრხეს ხედავს, მათ შორის ანტიდასავლური განწყობების გაღვივების კუთხით.   


„სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ მოგვწონს თუ არა, მას პატივი უნდა ვცეთ. ძალიან არ მომწონს განცხადებები, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა და პუტინმა [რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი] იყიდეს სტრასბურგის სასამართლო და ა.შ.  თუ ვაცხადებთ, რომ ვართ პროდასავლურები, მსგავს განცხადებებთან ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. სწორედ ასეთი ქმედებები იწვევს საბოლოო ჯამში ანტიდასავლურ განწყობებს“,– განუცხადა „აქცენტს“ ხუხაშვილმა.

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ძალიან სწრაფად განვითარებულ პროცესებს, ხუხაშვილი მხარეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვობს, რომ როგორც ბიზნესმენი, ისე სახელმწიფო უკუშედეგს მიიღებენ:

„ყველა მხარეს ვთხოვ, გარდამავალი ეტაპი საზოგადოებისთვის მინიმალური დანაკარგებით გაიაროს. ვგულისხმობ ასე სწრაფად, ფართხა–ფურთხით ქონების გადაცემის პროცესს, როდესაც ყველაფერი ჰაერშია, მათ შორის ჟურნალისტები არიან გაუგებრობაში, რომლებიც ბუნებრივია, ქიბარ ხალვაშს არ ენდობიან. მოიძებნოს რაღაც ფორმულა, რათა მცდელობა მაინც იყოს ტელევიზიის გადარჩენის. როდესაც ასე სწრაფად ხდება ქონების და არა ტელევიზიის დაპატრონება, ეს ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. ვფიქრობ, ეს არც ხალვაშის ინტერესებში უნდა შედიოდეს: ტელევიზია დგას ადამიანურ რესურსზე და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, რასაც ხალვაში ვერ დაეპატრონება. თუ მან ჟურნალისტების ნდობის მოპოვება ვერ შეძლო და  თუ ეს რესურსი გავა ტელევიზიიდან, ხალვაში საბოლოო ჯამში მიიღებს ამორტიზებულ ქონებას და 25–მილიონიან ვალს [არხის დავალიანება]. კიდევ საკითხავია, ეს ქონება ვალის გადახდას ეყოფა თუ არა. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოქმედება, რაღაც ვადის აღებაა საჭირო. ხელისუფლებას შეიძლება, აწყობდეს, რომ დაიხუროს ტელევიზია, მაგრამ ხალვაშს რაში აწყობს? გარდა ამისა, თავად ხელისუფლებამაც შეიძლება, უკუშედეგი მიიღოს: დღეს ძალიან მარტივად შეიძლება ერთი პლადფორმიდან მეორეზე გადასვლა. თუ „რუსთავი 2“–ის კოლექტივი ასეთი ერთსულოვანია, როგორც განცხადებაში ჩანს და აქვთ სარეზერვო „აეროდრომი“, შეუძლიათ, ძალიან სწრაფად აეწყონ. გაითვალისწინეთ, რომ მათ ფაქტობრივად მოიშორეს 25–მილიონიანი ვალი – ეს ვალდებულება ქიბარ ხალვაშზე გადავიდა. ამ თანხის ნახევარი ინვესტიციაც რომ განხორციელდეს, ძალიან სწრაფად აეწყობიან ამდენად, ეს პროცესი მათთვისაც ტესტია. ჩვენ ახლა ვართ პროცესის საწყის ეტაპზე, დანარჩენს კი ვნახავთ“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp