აქვს თუ არა უფლება სახელმწიფოს, გვარამიას იძულებით დაატოვებინოს "რუსთავი 2"–ის შენობა

ქიბარ ხალვაშმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა და საჯარო რეესტრისგან "რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას ითხოვა. როგორც საჯარო რეესტრის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, დღეს "რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა. მანამდე საჯარო რეესტრმა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა. მანამდე გვარამიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია და გეგმები არხის ახალმა მესაკუთრემ ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა, საპასუხოდ კი გვარამიამ უკვე ყოფილ მესაკუთრეებთან 2020 წლის 31 დეკემბრამდე ვადით დადებული ხელშეკრულება შეახსენა, რომელზეც მისი თქმით, არხის მესაკუთრის ცვლილება ვერ მოქმედებს.

"ჩემთვის გამსაზღვრელი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ამ მედიის მფლობელი. ჩემი კონტრაქტი ჩემივე მოთხოვნით შეიცავს ჩემი განთავისუფლების უმაღლეს გარანტიებს. ეს კონტრაქტი აქვს საჯარო რეესტრსაც და აქ წერია, რომ ჩემი განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ დარღვევისთვის ძალიან სერიოზული გარანტია იქნება გადახდილი. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ჩემი განთავისუფლება [...]"ცდილობენ, გამოიყენონ ყველა ხერხი, რომ უარი ვთქვა ამ გარანტიებზე. მნიშვნელობა არ აქვს, რას იზამს ხელისუფლება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც წავალ არხიდან, ეს არის ჩემი თანამშრომლების დამოკიდებულება, რომ სჯობს, წავიდე. თუ მათ ეს დამოკიდებულება ექნებათ, ამ საკითხის განხილვას საერთოდ არ ვაპირებ. სხვა შემთხვევაში ნიკა გვარამიას აქედან კანონიერი გზებით ვერავინ გაუშვებს. კონტრაქტის შესრულებამდე ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია",– განაცხადა გვარამიამ.

„რუსთავი 2“–ის იურისტი თამთა მურადაშვილმა კი განმარტა კონტრაქტის შინაარსი:

„კონტრაქტი გულისხმობს, რომ შეუძლებელი იქნება დირექტორის გათავისუფლება უსაფუძვლოდ და გაწერილია ეს პირობები. ამ პირობის დარღვევის შემდეგ კომპანიას მოუწევს ძალიან დიდი ჯარიმის გადახდა – საუბარია რამდენიმე მილიონზე. გარდა ამისა, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა იქნება განსჯადი ლონდონის არბიტრაჟის მიერ და არა ქართული სასამართლოების. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მოხსნა, პრეტენზიები მის წინააღმდეგ, მათ შორის ჯარიმის გადახდა და სხვა საკითხები უნდა იქნას გადაწყვეტილი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში“,– განაცხადა იურისტმა. 

„აქცენტი“ დაინტერესდა, არსებულ ვითარებაში აქვს თუ არა სახელმწიფოს პროცესებში ძალისმიერი გზით ჩართვის უფლება და კითხვით იურისტს მიმართა.   

„თუ კონტრაქტი ისეთია, როგორც ნიკა გვარამია საუბრობს, მას ექნება შესაძლებლობა, მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და იდავოს. არის ალბათობა, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მისი გადაყენება არ იყოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი მოქმედება.

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულება აქვს ყველას და მისი აღსრულება შესაძლებლობა აქვს სახელმწიფოს. თუმცა, როგორც ვიცით, გვარამიას გენდირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი სასამართლოს მსჯელობის საგანი არ ყოფილა, ეს საკითხი სასამართლოს მიერ არ არის გადაწყვეტილი. არხის მფლობელი შეიცვალა და ახალ მფლობელს აღარ სურს გვარამიასთან მუშაობა–პროცესი ამ ლოგიკით მიდის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების სახელმწიფოს მიერ აღსრულება ვერ მოხდება. ეს ჯერ კიდევ სადავო საკითხია, ამიტომ სახელმწიფო გვარამიას შენობიდან ძალის გამოყენებით ვერ გამოიყვანს“,– განუცხადა „აქცენტს“ იურისტმა კახა კოჟორიძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა