"ევროსასამართლოს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზე მსჯელობის შესაძლებლობა არ მიეცა"

საქართველოს სახალხო დამცველი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


“როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია და  ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

“აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტური მედიაგარემოს შენარჩუნებაზე და, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება, შესაბამისად, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია ოფიციალურად დაირეგისტრირა, შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლა არხის გენერალირი დირექტორი ნიკა გვარამია. აღნიშნული პოზიცია იურისტმა პაატა სალიამ ჩაიბარა.

მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუ გადაწყვეტილება აღნიშნულ ვადაში არ გასაჩივრდა, სამი თვის შემდეგ ძალაში შევა.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: სტრასბურგის გადაწყვეტილების რა ნაწილი არ ექვემდებარება გასაჩივრებას

ქიბარ ხალვაში: "ხელისუფლება ვალდებულია, დაუყოვნებლივ აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება"

რას გეგმავს „რუსთავი 2“: „ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp