ერგნეთის შეხვედრა დასრულდა – ოსური მხარე დე ფაქტო საზღვრის მოწყობის სამუშაოების გაგრძელებას აანონსებს

ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა. მთავარი გზავნილი, რომელიც ამ შეხვედრის დასრულებისას ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა გაახმაურა, ის არის, რომ ოსური მხარე დე ფაქტო საზღვრის მოწყობის სამუშაოებს გააგრძელებს.

ქართულმა მხარემ  უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ ოსურ დაპირებას შემაშფოთებელი უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები მშვიდობისთვის საფრთხის შეცველია.

ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის ეგორ კოჩიევის თქმით, მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხშია, მაგრამ ირიგაციისა და მინდვრებში გაჩენილ ხანძრებთან ერთობლივი ბრძოლის საკითხებში ურთიერთგაგებას აღწევენ.

18 ივლისის შეხვედრაზე დილიდანვე იყო მოლოდინი, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი ქართველი სამართალდამცველების დაკავებული სარმატ გაბარაევის და ანდრეი კაბისოვის გადაცემას მოითხოვდა. თუმცა ეგორ კოჩიევმა, საერთოდ უარყო დღევანდელი შეხვედრის დღის წესრიგში ამ საკითხის შეტანა და კომენტარზეც უარი განაცხადა.

ერგნეთის 94-ე შეხვედრაზე მხარეების წარმომადგენლებმა 10 საკითხი განიხილეს, მათ შორის: უკანონო ბორდერიზაციის, მოქალაქეთა უკანონო დაკავების, ივნისში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის, არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის მკვლელობის საკითხები.

ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის მომდევნო, 95-ე შეხვედრა 29 აგვისტოს გაიმართება.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 ივლისს „საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები სარმატ გაბარაევი და ანდრეი კაბისოვი".

დე ფაქტო უწყების ცნობით, მის თანამშრომლებზე თავდასხმისთვის ძებნილ, ადრე ნასამართლევ გაბარაევს და კაბისოვს სამართალდამცავებმა 16 ივლისს მიაკვლიეს ცხინვალის ოკუპირებული რაიონის სოფელ ზალდაში, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების სახლში იმალებოდნენ. დე ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, მის თანამშრომლებს გაბარაევმა და კაბისოვმა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და მძიმედ დაიჭრა ორი სამართალდამცველი და ერთი თავდამსხმელი.

"გაბარაევი და კაბისოვი ოკუპირებული რეგიონიდან გადავიდნენ თბილისის მიერ კონტროლირებულ სოფელ ერგნეთში, სადაც 17 ივლისს დააკავეს ქართველმა სამართალდამცავებმა", – აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი პირის დაკავებას ადასტურებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა. ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp