"რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას"

კარნეგის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტი პოლ სტრონსკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციური მედიის არსებობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

„მე მესმის, თუმცა მაშფოთებს ეს გადაწყვეტილება. ის გვაჩვენებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომელიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწია. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკურებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, ეს გადაწვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს, სამომავლოდ არ მოახდენს კარგ გავლენას ქართულ დემოკრატიაზე და საქართველოს ინტეგრაციაზე დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში", - განაცხადა სტრონსკიმ „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.

მისივე თქმით,  საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი შემცირდა.

„გასულ თვეში ჩვენ ვიხილეთ, რომ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა. ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხში, როგორც ადრე იყო. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მოძებნოს, მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ ვსაუბრობთ მედიაში ორ ყველაზე დიდ მოთამაშეზე და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს, ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო“, - განაცხადა სტრონსკიმ.

ეექსპერტი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია  შექმნილ ვითარებაში საკუთარი მესიჯის გახმოვანებას მაინც მოახერხებს.

„მედია გარემოში ამ დრომდე ცოტა მოთამაშე დომინირებდა და ახლა ერთი ხმის გამოკლებით, უფრო მეტ დომინაციას ვიხილავთ. ვიმედოვნებ, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი მესიჯები საზოგადოებამდე და ასევე ვიმედოვნებ, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შესძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომელიც [რუსთავის 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში] დარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტრონსკიმ.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp