„როლები იცვლება, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე“

მაკკეინის ინსტიტუტის პრეზიდენტი კურტ უოლკერი „რუსთავი 2“–ის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია სასამართლო გადაწვეტილების პატივისცემა, თუმცა დასძენს, რომ დამოუკიდებელი მედია სივრცის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„წლების განმავლობაში არსებობდა პრობლემები „რუსთავი 2“-ის საკუთრების გარშემო. კანონის უზენაესობის პრინციპის გათვალისწინებით, საკუთრების საკითხის განხილვისას, უნდა მიჰყვე სასამართლოს გადაწვეტილებას. ამას, რა თქმა უნდა, ექნება შედეგები, მაგრამ უნდა მიჰყვე კანონის უზენაესობის პრინციპს. მეორეა, რომ საქართველოსთვის ან ნებისმიერი დემოკრატიისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ქონა. ვერ გექნება წარმატებული დემოკრატია, თუ მთელ ინფორმაციას, ერთი მხარე და ერთი თვალსაზრისი აკონტროლებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სასამართლოს ეს გადაწვეტილება ძალაში დარჩეს, ეს არ ცვლის საქართველოსვის დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობას და თუ რეალობა ასეთი არაა, მაშინ რაიმე სხვა უნდა შეიქმნას. ზოგადად არხს პოლიტიკური მიზეზებით არ უნდა ესხმოდნენ თავს, კანონის უზენაესობა და სამართლიანობა ერთი საკითხია, თუმცა თუ ადგილი აქვს პოლიტიკურ მოტივაციას, ეს განსხვავებული თემაა და ასე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა უოლკერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

მისივე თქმით, თავისუფალი მედია ყველა პოლიტიკური მოთამაშის ინტერესშია.

„დაიცავით კანონის უზენაესობა, ყველა შემთხვევაში და ყველასთვის თანაბრად. იმუშავეთ ბევრი თავისუფალი ინფორმაციის და მედია სივრცის შესანარჩუნებლად და გამოჰყავით ეს პოლიტიკური შეჯიბრიდან. ყველა ქართველის ინტერესშია, იქნება ეს „ქართული ოცნების“ თუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, კანონის უზენაესობა და თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია. როლები იცვლება, ერთ დღესაც „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში აღმოჩნდება და მასაც მოუნდება წვდომა მედიაზე. ყველამ ამ გარემოს შექმნისკენ უნდა იმუშაოს“, - დასძინა უოლკერმა. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp