პაატა სალია – ჟურნალისტს: "თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას"

თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას, - ასე უპასუხა „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შედიოდა ხელისუფლების ინტერესში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ასე სწრაფად ცვლილება. 

„რატომ დღეს დილით რომ დავნიშნულიყავი ან საღამოს, ამით რამე შეიცვლებოდა?! მე ვარ ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელი, რომელიც ვაწარმოებდი დავას, სამართლებრივ ნაწილს საქართველოში, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ აქ ნაწარმოები დავა აბსოლუტურად სწორი იყო. თუ გაქვთ კითხვები ხელისუფლებასთან, შეკითხვებით მიმართეთ მას“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ამ წუთებში სალია, რომელიც „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორია, ტელეკომპანიაში იმყოფება და არხის ფინანსურ დირექტორს ხვდება.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. შეგახსენებთ, რომ სალია ტელეკომპანიაში გუშინაც იმყოფებოდა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp