პრეზიდენტს პატიმრების შეწყალების წესის გამკაცრება სურს

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეწყალების წესის გამკაცრებაა საჭირო. განცხადება პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, შეწყალების საკითხზე პრეზიდენტი 6 მარტს პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრებს.

„შეწყალების აქტი პრეზიდენტისთვის წარმოადგენს კონსტიტუციურ უფლებას. სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს შეწყალების ახალი წესის შემუშავებას და ასევე კომისიის დაკომპლექტების საკითხს. შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან, რომლითაც პრეზიდენტი მსჯავრდებულს აძლევს რესოციალიზაციის საშუალებას. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ შეწყალებისას უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები, ანუ რამდენად უსაფრთხოა საზოგადოებისათვის კონკრეტული მსჯავრდებული პირის შეწყალების საკითხი”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კომისიის დაკომპლექტებას დიდი სიფრთხილით ეკიდება. მოისწრაფიშვილის განცხადებით, საჭიროა, კომისიის წევრები დაკომპლექტდნენ პროფესიული კადრებით.

„არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს, შეწყალების საკითხი ოდესმე ვინმეს მხრიდან გახდეს ზეწოლის თემა. თუ ამის ნიშნები გამოიკვეთა, ასეთი საკითხი არ განიხილება საერთოდ. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა, შეწყალების წესის გამკაცრება და ასევე, სამართლებრივ დონეზე უფრო მკაცრ რეგულაციებში მოქცევა. არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულებისდიდი რაოდენობით და ბევრი კითხვის ნიშნის ფონზე შეწყალება. ეს აჩენს რისკს და ზრდის პირთა მიერ განმეორებით დანაშაულის ჩადენის ალბათობას და ასევე, საზოგადოებაში აჩენს შეგრძნებას, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა შესაძლებელია, მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება”, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, შეწყალების წესი უნდა იყო ისეთი, რომ შეწყალების კომისიისადმი საზოგადოებაში ნდობა ამაღლდეს.

„თუ რა ფორმით იარსებებს კომისია, იქნება ის სხვა სტრუქტურულ ერთეულში თუ დარჩება კვლავ პირვანდელი სახით, მისი გადაწყვეტილება მაინც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი. ამდენად, პრეზიდენტი არის და იქნება ჩართული შეწყალების საქმიანობაში და კონკრეტულ მსჯავრდებულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საკითხის ზედმიწევნით შესწავლის პირობებში მოხდება,- “ განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა