“გუშინ ქართული სახელმწიფოს განვითარებაში ახალი ეპოქა დაიწყო"

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, გუშინ ქართული სახელმწიფოს განვითარების ახალი ეპოქა დაიწყო. ამის შესახებ ლაგაზიძემ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც "რუსთავი 2"–ის საქმეში არც ერთი დარღვევა არ დაადგინა.   

“გუშინ დამთავრდა ერთი ეპოქა ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და დაიწყო ახალი. 90-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული „რუსთავი 2„ არასოდეს ყოფილა მხოლოდ მედია – ის იყო სრულფასოვანი თანამონაწილე და თანაავტორი იმ პროცესებისა, რომლებიც 90-იანი წლების ბოლოდან საქართველოში ხდებოდა: შევარდნაძის ოპოზიციის ფორმირების; ვარდების რევოლუციის; სააკაშვილის მმართველობის და ბოლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენის და შეიძლება უფრო ფართოდ, ოპოზიციური სპექტრის შენარჩუნების – ივანიშვილის ეპოქაში. მოგვწონს თუ არა, სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება, ეს სწორედ ის სამყაროა, რომლის წევრობასაც ასე დაუღალავად ვცდილობთ აგერ უკვე 30 წელია და ის სამართალი, რომლის სამართლიანობასაც ვაღიარებთ. ამასთან, სტრასბურგის გუშინდელი გადაწყვეტილება ეხება „რუსთავი 2“-ის ბრენდს და არა – გუნდს. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მათ აქვთ საშუალება, და ასეც იქნება, ძალიან მალე გააგრძელონ მაუწყებლობა იგივე ფუნქციით და სხვა ბრენდით. როგორი იქნება გუშინ დაწყებული ახალი ეპოქა, ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად გაუძლებს დღევანდელი ხელისუფლება ცდუნებას, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 2020-ის არჩევნების წინ, შეზღუდოს ქართულ სატელევიზიო სივრცეში დარჩენილი დამოუკიდებელი ტელევიზიები”,- აცხადებს პოლიტოლოგი. 

ცნობისთვის: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ქიბარ ხალვაშმა დღესვე მიმართა საჯარო რეესტრს და ტელეარხის მფლობელად დარეგისტრირდა, ხოლო დირექტირად თავისი იურისტი პაატა სალია დანიშნა.

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp