ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი გაათავისუფლეს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს. ამის შესახებ "აქცენტს" მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც ადვოკატი ამბობს, "პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება მოუხსნა და ირწმუნება, რომ საქმე უკრაინულმა მხარემ უნდა გამოიძიოს".

"პროკურატურა ბრალს ვერ ამტკიცებს და იძულებული გახდა, ბრალი მოეხსნა",– განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ დეტალებზე, თუ ვინ ცდილობდა საქმის ფალსიფიცირებას, ხვალ ისაუბრებს. 

საქართველოს მთავარ პრკურატურაში აცხადებენ, რომ საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და ის აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ.

„გამომდინარე იქედან, რომ უკრაინულ მხარესთან შეთანხმებით, იულია სუსლიაკის სისხლის სამართლის საქმე იგზავნება უკრაინის გენერალურ პროკურატურაში და საქმე ფაქტობრივად აღარ არის ქართული მხარის იურისდიქციის ქვეშ, საქართველოს პროკურატურა იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ვერც ერთ სახეს ვეღარ გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს აღნიშნული მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია. შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიაზე გამოძიება ეფექტურად შეძლებს მოიპოვოს სისხლის სამართის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელიც ხელს შეუწყობს ხსენებულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას.

იულია სუსლიაკის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შედეგად, დღეს იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთა ინტერესების საუკეთესო დაცვის პრინციპით იხელმძღვანელა და იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მყოფი ათი ბავშვი მათი მეურვეობისა და ყველა შესაბამისი პირობით უზრუნველყოფის შესახებ გარანტიების მიღების შემდეგ უკრაინას გადასცა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათი უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს, იულია სუსლიაკს წინასწარი, 55-დღიანი პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა. იულია სუსლიაკს ბრალი წაყენებული ჰქონდა არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მუხლით. ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და ამბობს რომ ბავშვები მისი შვილები არიან.

დაცვის მხარის თქმით, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, უკვე ბიოლოგიურმა ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ იულია სუსლიაკი უდანაშაულოა: ის 10-დან ოთხი ბავშვის ბიოლოგიური დედაა, ხოლო 10-ვე ბავშვის ბიოლოგიური მამაა იური სუსლიაკი. 10-დან 6 ბავშვი სუროგაციის მეთოდით არის დაბადებული. ზურაბ თოდუა იმედოვნებს, რომ გამოძიება მალე შეწყდება, რადგან მტკიცებულებები სწორედ ასეთ საფუძველს ქმნის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს