"რუსთავის 2"–ის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრების აზრს ვერ ხედავენ

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრების აზრს ვერ ხედავს.  

„მას შემდეგ რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა გენ დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრების გადაწყვეტილებას და ამ გადაწყვეტილებით მომავალში აღსრულებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს, ეს არის ყოფილი დამფუძნებლების მისაღები გადაწყვეტილება და ალბათ გაასაჩივრებენ დიდ პალატაში. რაც შეეხება შედეგის თვალსაზრისით, ეს გარკვეულ დროს საჭიროებს. დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რა მდგომარეობა იქნება რუსთავი 2-ში და იარსებებს თუ არა საერთოდ ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

Facebook Twitter Email Viber WhatsApp