ოქრუაშვილი "რუსთავი 2"–ის წილების 80%–ის ჟურნალისტებზე გადაფორმებას გეგმავს

პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ყოველთვის ნომინალური ფიგურა იყო და წარმოადგენდა სხვას, მოცემულ შემთხვევაში კი მას, შესაბამისად "რუსთავი 2"–ის წილების მფლობელიც თავად იყო და ეს დოკუმენტურად დასტურდება. 

ამასთან, როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, გეგმავს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებთან შეხვედრას და სადავო წილების არხის ჟურნალისტებზე გადაფორმებას, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ.  

"მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმატით არსებობდა, როგორც ახლა არსებობს თავისუფალი სიტყვისთვის... ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% [არხის წილები] გადავცე 10–მდე დამოუკიდებელ, მებრძოლ ჟურალისტს უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან. ხვალ ჟურმალისტებს შევხვდები. დაახლოებითი მონახაზი მაქვს და შევთავაზებ პირობებს",– განაცხადა ოქრუაშვილმა. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ დაობდა ოქრუაშვილი ამ დრომდე, ამას პოლიტილოსი იურიდიული საკითხით ხსნის. კერძოდ, მისი თქმით, დავის წამოსაწყებად საჭირო იყო, რომ არხი ოფიციალურად გადაფორმებულიყო ქიბარ ხალვაშზე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავისდაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. თავად ხალვაშის იურისტი ირწმუნება, რომ დოკუმენტი გაყალბებულია.

დღეს ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp