სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე – "რუსთავი 2"–ის საქმეზე: "ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა"

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია სტრასბურგის მიერ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. 

მისივე თქმით, "ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა".

„არ დავმალავ, ეს იყო დიდი იმედგაცრუება. ყოველთვის მივეკუთვნებოდი იმ მოსამართლეთა რიგს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მოსამართლეების, განსაკუთრებით მაღალი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების როლი დემოკრატიის დაცვაში მდგომარეობს. ცალსახაა, რომ მე არ ვიქნებოდი ამ გადაწყვეტილებაში მონაწილე უმრავლესობის გვერდით.

იმედი მაქვს, რომ ამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილების მიუხედავად, ევროსასამართლო გააგრძელებს თავისი უპირველესი მისიის - წინ აღუდგეს ავტორიტარიზმს და ტოტალიტარიზმს - აღსრულებას. ტყუილად ჰგონია მავანს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ცხოვრება და ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებს წოწორია.


ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. 

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე:"რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

Facebook Twitter Email Viber WhatsApp