აშშ–ის საელჩო "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ–ის საელჩო ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა"

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და, რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში", – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp