რუსმა რაგბისტებმა ქართველებთან ამხანაგურ შეხვედრაზე უარი განაცხადეს

რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება: რუსულმა გუნდმა მატჩზე უარი განაცხადა. 

როგორც რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია შეუძლებლად თვლის თამაშის თბილისში ჩატარებას "ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო". 

"რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით აკვირდებოდა საქართველოში, კერძოდ, თბილისში მიმდინარე მოვლენებს. სამწუხაროდ, რადიკალების გამოსვლები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს იწვევს და შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ პირებს. ამასთან დაკავშირებით იძულებულები ვართ,შეგატყობინოთ, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის მატჩის ჩატარება, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი. ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს რაგბის კავშირთან ჩამოყალიბებულ პარტნიორულ ურთიერთობებს და თავს ვალდებულად ვთვლით, ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი თამაშის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი სოლიდარობა და ურთიერთპატივისცემაა, რომელიც სცდება კულტურულ, გეოგრაფიულ, პოლიტიკურ და რელიგიურ განსხვავებებს" - ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის:  თბილისში გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp