ვისია "რუსთავი 2" და რატომ უნდა შენარჩუნდეს არსებული სახით – რაქვიაშვილის არგუმენტები

ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე დავით რაქვიაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მისი არსებული სახით შენარჩუნების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ კონტექსტში ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, მათ შორის საზოგადოებრივ ინტერესებს და "რუსთავი 2"–ის როლს ჰიბრიდულ ომში.   

"რუსეთის დაუსრულებელი დაირისპირება საქართველოს დამოუკიდებლობასთან სხვადასხვა ჰიბრიდულ მეთოდებთან ერთად დღეს პირველ რიგში, პროპაგანდისტული ომის სახით მიმდინარეობს. ვინც ამ საონფორმაციო ბრძოლაშია ჩართული - განურჩევლად იმისა, ხელისუფლებაშია, ოპოზიციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში თუ ბიზნესში - მათთვის რ2 ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური მოკავშირე და რესურსია - საინფორმაციო ომის ფრონტის წინა ხაზზე მდგომი თავდადებული ჟურნალისტთა კორპუსის სახით. მათი დაკარგვით შემცირდება ინფორმაციული შეტევების დროულად გამოვლენის, იდეოლოგიური ბრძოლის და მორალური წინააღმდეგობის გაწევის უნარი, იმძლავრებს „ახალ რეალობასთან“ შეგუების გარდაუვალობის ნარატივი, დაზიანდება საქართველოს ეროვნული მედეგობა.

რ2 ლოგოტიპიანი მიკროფონი დღეს ის სიმბოლოა, რომლისაც ეშინიათ, რომელსაც გაურბიან, ლანძღავენ, ამტვრევენ ძალაუფლების მფლობელები. ერთპარტიული მმართველობის პირობებში კრიტიკული მედია რეალურად მომუშავე მეოთხე ხელისუფლებაა, რომელიც კონსტიტუციური დამბალანსებელის როლს ასრულებს ასეთი კრიტიკულობის სიმბოლოს მიმართ შიშის გაქრობა გაადვილებს ძალადობას როგორც პოლიტიკურ ოპონენტებზე, ისე საზოგადოებაზე.

აღიარებული ფენომენია - ცნობილი ბრენდი რეალურად ეკუთვნის არა აქციონერებს, არამედ მის მომხმარებელს. რ2 გახდა ქართული მედია ინდუსტრიის ბრენდი, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მისი ძირითადი მახასიათებლების გამო (ხარისხი, კრეატიულობა, მასშტაბი, ინტელექტი) და არა პოლიტიკური პოზიციონიების გამო ჰყავს მილიონობით მაყურებელი (ერთგული მომხმარებელი). რ2 - ის ბრენდის სიცოცხლე მისი აუდიტორიის ხელშია და არა მეწილის",– აცხადებს რაქვიაშვილი.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. არხის ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის გარანტიებს ითხოვენ.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp