დაუბრუნდება თუ არა ეთერს გიორგი გაბუნია – "რუსთავი 2"–ის გენდირექტორის კომენტარი

გააგრძელებს თუ არა ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"–ზე მუშაობას ორთვიანი სასანქციო ვადიის შემდეგ, ამ ეტაპზე უცნობია. ამის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა არხის ახალ გენერალურ დირექტორს დაუსვეს. კერძოდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მომხრეა თუ არა პაატა სალია, გაბუნია ისევ ეთერში იხილოს. 

„ამ შემთხვევაში მომხრე-მოწინააღმდეგე არაფრის არ ვარ. მე ვთქვი, დავაფიქსირე პოზიცია, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ქიბარ ხალვაშის პოზიცია იყო ეს, რომ ყველა რჩება თავის ადგილას. ეს ეხებოდა უკლებლივ ყველას, გარდა ნიკა გვარამიასი. დანარჩენი უკვე მათზეა დამოკიდებული,“ – განაცხადა პაატა სალიამ, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ არ იცის გიორგი გაბუნია აპირებს თუ არა მასთან თანამშრომლობას, რადგან პირველი შეხვედრის შემდგეგ იგი “მისი ახვით გახარებული არ არის”.

„ჩემი ნახვით გახარებული ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა რეალობა ეს არის,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

მოგვიანებით მან ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი: 

"2 თვის შემდეგ, როცა გიორგი გაბუნიას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ის ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას".

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, განიხილება თუ არა გაბუნიასთვის დაწესებული შეზღუდვის გადახედვა.

"ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული გიორგისთან დაკავშირებით, მაშინ როცა იქნა მიღებული და მას 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ეს იყო ალბათ, ის გადაწყვეტილება, რომელზეც მე,მგონი ჩვენს საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსესუსი იყო“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირდაპირ ეთერში გინების გამო ორთვიანი სანქცია აქვს. ის ეთერს სწორედ ამ ვადით განარიდეს. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. არხის ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის გარანტიებს ითხოვენ.

იხილეთ ასევე: "რუსთავი 2"–ის საქმე: რა გზებს ტოვებს სტრასბურგი

"რუსთავი 2"–ის საქმე: როგორ უნდა შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp