ირანი: „ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დავაკავეთ“

ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, ირანულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავა. 

როგორც ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტანკერი Stena Impero სპარსეთის ყურეში საუდის არაბეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, თუმცა მან კურსი შეიცვალა და ირანულ წყლებში შევიდა.

„შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო საზღვაო კანონის დაცვით ვიმოქმედეთ“, – აღნიშნულია რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ინციდენტის შესახებ დეტალებს არკვევენ. 

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გერმანიამ პუტინი ხანგოშვილთან დაკავშირებით ტყუილში ამხილა