"რუსთავი 2"–ის გენდირექტორი არხის ჟურნალისტების მიერ წაყენებულ პირობას პასუხობს

"რუსთავი 2"–ის გენდირექტორის პაატა სალიას განცხადებით, მხოლოდ მისი გადასაწყვეტი არაა, რას უპასუხებს არხის ჟურნალისტების მოთხოვნას, რომლებმაც ახალ მფლობელს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს.

„არასწორი იქნება, ახლა პასუხი გაგცეთ კი ან არა ფორმით, იმიტომ, რომ ჯერ არ გვისაუბრია ქიბარ ხალვაშთან ამასთან დაკავშირებით. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი. არხის მესაკუთრის ნებაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მე გითხარით კიდეც, გავეცნობი დეტალურად, ვნახავ ვისზეა საუბარი, ვისი შედგენილია, რას ითხოვენ კონკრეტულად, ვიზე მიუთითებენ და ა.შ. პასუხს ხვალ გაგცემთ“ - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, დღეს გუშინდელისგან განსხვავებით, ჟურნალისტებთან შეხვედრამ კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა და დაგეგმილია მომდევნო შეხვედრებიც. 

შეგახსენებთ, რომ არხის ახალი მფლობელი ქიბარ ხალვაში ირწმუნება, რომ "რუსთავი 2"–ის სარედაქციო დამოუკიდებლობაში არ ჩაერევა. ჟურნალისტები მის ზეპირ განცხადებას არ ენდობიან და გარანტიებს ითხოვენ. მათ ხავვაშს და ახალ გენდირექტორს კონკრეტული გეგმა შესთავაზეს:  

1. მედიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შეიქმნას „რუსთავი 2“ -ის საზოგადოებრივი საბჭო. საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო - ეკა გიგაური, საია - სულხან სალაძე,ს აქართველოს დემოკრატიული ინიციატივა- გიორგი მშვენიერაძე, სამართლიანი არცევნები- მიხელ ბენიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - ნატა ძველიშვილი, მედიამკვლევარი - ნინო დანელია, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, მედიაექსპერტი ლაშა ტუღუში და კიდევ თქვენს მიერ შერჩეული ორი წარმომადგენელი, რომელიც მაღალი ნდობით და რეპუტაციით სარგებლობს საზოგადოებაში ამ საბჭოს განხილვისა და დადასტურების გარეშე „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა ვერ შეძლოს, იმ თანამშრომლების მიღება და გათავისუფლება, რომლებიც ქმნიან და აგებენ პასუხს საზოგადოებრივ პოლიტიკურ კონტენტზე. (მათ შორის წამყვანები, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჟურნალისტები, პროდიუსერები).

2. დაწესდეს მორატორიუმი ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე ამ საზოგადოებრივი საბჭოს შექმნამდე.

3. არხის ახალმა მენეჯმენტმა აიღოს ვალდებულება და არ განახორციელოს, რაიმე ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის არხის მაღალრეიტინგული გადაცემების მომზადებას და ეთერში გაშვებას. არ შეცვალოს იმ გასართობი გადაცემების წამყვანები და სარედაქციო გუნდი, რომელიც ფორმატით გასართობი ხასიასთისაა, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ხელისუფლებას დისკომფორტს უქმნის,"-ნათქვამია "რუსთავის 2"-ის საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლების ერთობლივ მიმართვაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს