"რუსთავი 2"–ის გენდირექტორი – არხის ფინანსურ მდგომარეობაზე: "მოლოდინს ძალიან გადააჭარბა"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, კომპანიის ფინანსურმა მდგომარეობამ მოლოდინს გადააჭარბა. 

როგორც მან არხის თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, "ძალიან ცუდი მდგომარეობაა".

„ფინანსური პრობლემები რომ არსებობს, როგორც ვხვდები, ახალი არ არის, თუმცა ჩვენს მოლოდინს ძალიან გადააჭარბა იმ სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე, ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ჩვენ ვმუშაობთ, ვფიქრობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“, - განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ფინანსური ტრანზაქციები ნდობით აღჭურვილ პირთან ერთად განხორციელდება: 

„მე არ ვსაუბრობ დარღვევებზე. დარღვევები უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს, ამას სჭირდება დრო, შეფასება და ასე შემდეგ. ახლა მთავარი ამოცანა არაა, ვიღაცის დარღვევა ვეძებოთ. მთავარი ამოცანაა, ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მძიმე ვითარებიდან. მოვიყვანე ჩვენი ნდობით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც ფინანსურ საკითხებში კონსულტაციას გვიწევს და მასთან შეთანხმებით მოხდება ფინანსური ტრანზაქციები, თუმცა სამწუხაროდ, ახლა ამის შესაძლებლობაც არ არის,“ - განაცხადა სალიამ.

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მიიღებენ თუ არა „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები თვის ბოლოს ანაზღაურებას.

„იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც დაგვხვდა, ასევე მოვიკვლიე გარკვეული გარემოებები, მოვიკვლიე ინფორმაცია, რა შეიძლება, გაკეთდეს, ვთხოვე ფინანსურ სამსახურს ამ შაბათ-კვირის განმავლობაში რაღაცებზე ვიფიქროთ, რომ იქნებ დავსახოთ გამოსავალი. ველაპარაკე ქიბარ ხალვაშს, მასაც ვუთხარი და ამოცანა შესასრულებელია. არ არსებობს წინასწარ გარანტირებული რაღაცები, მგონი, ელემენტარულ რამეს ვამბობ,“ - განაცხადა პაატა სალიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp