ირაკლი ოქრუაშვილი თბილისშია: „ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ „რუსთავი 2“ ჩემია“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი საფრანგეთიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს.

„რუსთავი 2“–ზე მოთხოვნა მეკუთვნის მე. ივანიშვილმა მას შემდეგ შეიტყო ჩემსა და ხალვაშს შორის გაფორმებული დოკუმენტის არსებობა, როცა ხალვაშს შეატანინა სარჩელი. [...] 2004 წელს სულზე მივუსწარი „რუსთავი 2“–ის გაყიდვის პროცესს, მას პატარკაციშვილი ყიდულობდა. ივანიშვილმა მშვენივრად იცის, რომ დღეს „რუსთავი 2“ ოქრუაშვილისაა“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

რაც შეეხება 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე გამოკითხვაზე მისვლას, ოქრუაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ჯერ არავის არ დავუძახივარ და რატომ უნდა მივიდე“.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ყოველთვის ნომინალური ფიგურა იყო და წარმოადგენდა სხვას, მოცემულ შემთხვევაში კი მას, შესაბამისად "რუსთავი 2"–ის წილების მფლობელიც თავად იყო და ეს დოკუმენტურად დასტურდება. 

ამასთან, როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, გეგმავს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებთან შეხვედრას და სადავო წილების არხის ჟურნალისტებზე გადაფორმებას, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ.  

"მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმატით არსებობდა, როგორც ახლა არსებობს თავისუფალი სიტყვისთვის... ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% [არხის წილები] გადავცე 10–მდე დამოუკიდებელ, მებრძოლ ჟურალისტს უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან. ხვალ ჟურმალისტებს შევხვდები. დაახლოებითი მონახაზი მაქვს და შევთავაზებ პირობებს",– განაცხადა ოქრუაშვილმა. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ დაობდა ოქრუაშვილი ამ დრომდე, ამას პოლიტილოსი იურიდიული საკითხით ხსნის. კერძოდ, მისი თქმით, დავის წამოსაწყებად საჭირო იყო, რომ არხი ოფიციალურად გადაფორმებულიყო ქიბარ ხალვაშზე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. თავად ხალვაშის იურისტი ირწმუნება, რომ დოკუმენტი გაყალბებულია.

დღეს ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

შეგახენებთ, რომ 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp