ბრიტანეთი – ირანს: „თუ პრობლემა უმოკლეს დროში არ მოგვარდება, სერიოზულ შედეგებს ელოდეთ“

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ჯერემი ჰანტი ირანს ბრიტანული ნავთობტანკერის დაკავების გამო საპასუხო ზომებით ემუქრება.

„რაც მოხდა აბსოლუტურად მიუღებელია. სპარსეთის ყურეში თავისუფალი ნავიგაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ღიად ვაცხადებთ, თუ პრობლემა უმოკლეს დროში არ მოგვარდება, სერიოზულ შედეგებს ელოდეთ. ჩვენ არ განვიხილავთ შექმნილი მდგომარეობის სამხედრო გზით გადაჭრას, ჩვენ ვიყენებთ დიპლომატიურ არხებს“, – განაცხადა ჯერემი ჰანტმა.

ცნობისთვის: გუშინ ირანმა განაცხადა, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავეს.

თუმცა დღეს CNN აშშ–ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გუშინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი ტანკერი დააკავა. მისივე ცნობით, ორივე  ტანკერი ბრიტანულია – ერთი Stena Impero–ა, ხოლო მეორე – Mesdar.

Stena Impero–ს დაკავება ირანულმა მხარემ გუშინ დაადასტურა, რაც შეეხება მეორე ტანკერს, მასთან დაკავშირებით ირანს ჯერ–ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp