ირანი: „ბრიტანული Stena Impero–ს ეკიპაჟის 23–ივე წევრი გამოძიების დასრულებამდე ტანკერის ბორტზე იქნება“

დაკავებამდე ბრიტანული ტანკერი Stena Impero ჰორმუზის სრუტეში თევზსაჭერ ნავთან ინციდენტში ჩაება, – იუწყება ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Fars.

მისივე ცნობით, დაკავების შემდეგ ბრიტანული ტანკერი ირანის ბანდარ აბასის პორტში გადაიყვანეს.

„ბრიტანული Stena Impero–ს ეკიპაჟის 23–ივე წევრი გამოძიების დასრულებამდე ტანკერის ბორტზე იქნება“, – წერს Fars.

მომხდარის გამო დიდი ბრიტანეთი ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ცნობისთვის: გუშინ ირანმა განაცხადა, ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერი დააკავეს.

თუმცა დღეს CNN აშშ–ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გუშინ ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი ტანკერი დააკავა. მისივე ცნობით, ორივე  ტანკერი ბრიტანულია – ერთი Stena Impero–ა, ხოლო მეორე – Mesdar.

Stena Impero–ს დაკავება ირანულმა მხარემ გუშინ დაადასტურა, რაც შეეხება მეორე ტანკერს, მასთან დაკავშირებით ირანს ჯერ–ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp