ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში "ერთიანობის სუფრა" გაშალეს და ლგბტქი თემის წინააღმდეგ ხელმოწერები აგროვებენ

ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში საინიციატივო ჯგუფმა "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პარალელურად, ტაძრის ეზოში „ერთიანობის სუფრა“ გაიშალა.

საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის პარალელურად, ისინი ითხოვენ ანტიდისკრიმინაციულ კანონში ცვლილებების შეტანას - კერძოდ, რომ ამოიღონ ტერმინები: "გენდერული იდენტობა" და "სექსუალური ორიენტაცია".

მისივე ინფორმაციით, უკვე მესამე დღეა, რაც ხელმოწერებს აგროვებენ და, დაახლოებით, 20 ათასამდე აქვთ. მანვე განმარტა, რომ ტრაპეზი მოქალაქეების მიერ შეგროვებული თანხითა და ბიზნესმენ გიორგი ბერიშვილის ფინანსური დახმარებით ჩაატარეს.

შეკრებილებს მოგვიანებით შეუერთდა ბიზნესმენი ლევან ვასაძე. მან აღნიშნა, რომ იზიარებს საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას, რომელსაც ხელი თბილისში უკვე მოაწერა.

ბიზნესმენის გამოჩენას ტაძრის ეზოში მყოფები ოვაციითა და ტაშით შეხვდნენ.

შეკრებილების თქმით, ეს არის "ერთიანობის სუფრა", რომლის დაწყებამდე "ერთიანობის ლოცვა" აღავლინეს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp