„რუსთავი 2“ არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა ხალვაშს, არამედ მე“

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, 2006 წელს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა ბიზნესმე ქიბარ ხალვაშს, არამედ მას.

მისივე თქმით, ხალვაში არასდროს უარყოფდა, რომ "რუსთავი 2" ოქრუაშვილის საკუტრება იყო.

„2006 წლამდე თითქმის, ერთი წლის განმავლობაში და მანამდეც, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა მქონდა მე სააკაშვილთან და ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ რეალური მესაკუთრე "რუსთავი 2"-სა მე ვიყავი, "რუსთავი 2" ითვლებოდა გუნდის ინტერესების გამომხატველად, მოდით ასე დავარქვათ. როდესაც მივდივარ ეკონომიკის მინისტრობიდან, ცოტა უცნაური პროცესები განვითარდა მაშინ, კიევში ვიყავი ოფიციალური ვიზიტით და იქიდან გამოვგზავნე გადადგომის განცხადება, ამ დროს იწყებს სააკაშვილი ხალვაშის დაბარებას და თქმას, რომ "რუსთავი 2" უნდა გადმოგვიფორმოო და ხალვაში ეგრევე მირეკავს მე, ეს შენია და შენ უნდა გადაწყვიტო. ჩემი გადაწყვეტილება იყო ძალიან მარტივი - მიეცი, იმიტომ, რომ მე მათთან ურთიერთობა დავამთავრე, ხალვაში ჩემს გარეშე ამ საკითხსაც ვერ გადაწყვეტდა ვერასდროს, მე რომ წინააღმდეგი წავსულიყავი... არასამართლიანად დაათმობინეს, მაგრამ არა მას, არამედ მე, ძაღლის თავი ამაშია დამარხული“, – განაცხადა ოქრუაშვილმა "რუსტავი 2"–თან საუბრისას. 

ოქრუაშვილი აცხადებს, გეგმავს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებთან შეხვედრას და სადავო წილების არხის ჟურნალისტებზე გადაფორმებას, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ.  

"მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმატით არსებობდა, როგორც ახლა არსებობს თავისუფალი სიტყვისთვის... ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% [არხის წილები] გადავცე 10–მდე დამოუკიდებელ, მებრძოლ ჟურალისტს უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან",– განაცხადა ოქრუაშვილმა. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ დაობდა ოქრუაშვილი ამ დრომდე, ამას პოლიტილოსი იურიდიული საკითხით ხსნის. კერძოდ, მისი თქმით, დავის წამოსაწყებად საჭირო იყო, რომ არხი ოფიციალურად გადაფორმებულიყო ქიბარ ხალვაშზე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. 

კერძოდ, 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. 

19 ივლისს ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp