"ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერაა და ამაში გაიჭედებოდნენ, მაგრამ ივანიშვილმა არ მოუსმინა"

"ივანიშვილმა ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც ხალვაშს სასამართლოში სარჩელი შეატანინა", -  ასე უპასუხა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "შაბათის კურიერის" წამყვანის ნოდარ მელაძის შეკითხვას იმ დოკუმენტზე, რომლითაც, ოქრუაშვილის თქმით დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია"რუსთავი 2"-ის მხოლოდ ნომინალური მფლობელია და ამაზე მას ხელიც აქვს მოწერილი. 

„ივანიშვილმა ჩემგან არაპირდაპირ გაიგო. მე ვისაუბრე ამ თემაზე ადამიანთან, რომელიც ვიცოდი, რომ ამბავს მიუტანდა. დაიბარეს ხალვაში და ჰკითხეს - ეს რა არისო. უთხრა, ეს ჩემი ხელმოწერა არ არის, ყალბიაო. მე როგორც ვიცი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ივანიშვილს უთხრა, რომ ეს არის ხალვაშის ხელმოწერა და ამაში გაიჭედებოდნენ. ივანიშვილმა, როგორც ჩანს, არ მოუსმინა და გააგრძელეს ისე, როგორც გააგრძელეს. იყო ჩემდამი თხოვნა, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი მათთვის ცნობილი გახდა, ხომ არ დაგვითმობ ამას, ხომ არ იტყვი ჩვენებაში, რომ მილიონ 200 ათასი, რომელიც გადაიხადე, ეს იყო ხალვაშის ფული, უბრალოდ, შენ იყავი გამტარი. ხალვაშია ნომინალური პირი და მთავაზობენ ხალვაშის ნომინალური პირი გავხდე მე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილი აცხადებს, გეგმავს "რუსთავი 2"–ის ჟურნალისტებთან შეხვედრას და სადავო წილების არხის ჟურნალისტებზე გადაფორმებას, თუ ისინი მზაობას გამოთქვამენ.  

"მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელობა აქვს იმ ფორმატით არსებობდა, როგორც ახლა არსებობს თავისუფალი სიტყვისთვის... ვაპირებ, რომ ჩემი მოთხოვნის 80% [არხის წილები] გადავცე 10–მდე დამოუკიდებელ, მებრძოლ ჟურალისტს უსასყიდლოდ და მათ გააგრძელონ დავა ხალვაშთან",– განაცხადა ოქრუაშვილმა. 

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რატომ არ დაობდა ოქრუაშვილი ამ დრომდე, ამას პოლიტილოსი იურიდიული საკითხით ხსნის. კერძოდ, მისი თქმით, დავის წამოსაწყებად საჭირო იყო, რომ არხი ოფიციალურად გადაფორმებულიყო ქიბარ ხალვაშზე. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. 

კერძოდ, 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. 

19 ივლისს ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
დეპუტატი გოგა გულორდავა ტელეკომპანია "პირველს" მიმართავს