ოქრუაშვილი –"რუსთავი 2"–ის ყიდვაზე: "მქონდა გარკვეული ფინანსების მოზიდვის ბერკეტი"

მე ყოველთვის მქონდა გარკვეული ფინანსების მოზიდვის ბერკეტი, – ასე უპასუხა თავდაცვის ექს–მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა „შაბათის კურიერის“ წამყვანის ნოდარ მელაძის კითხვას, ვისი ფულით შეიძინა „რუსთავი 2“.

„ყოველთვის მქონდა გარკვეული ბერკეტები იმისთვის, რომ გარკვეული საქმისთვის და ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი – მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი და ხელისუფლებას დავუპირისპირდი, მქონდა გარკვეული ბერკეტი, გარკვეული ფინანსების მოზიდვის“.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს ხომ იმ დროს ხდებოდა, როცა ის მქომედი ხელისუფლების მინისტრი იყო? ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა:

„ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც-მეთქი, ამას ვამბობ. სააკაშვილის დროს რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემს მიერ. ამას ვაკეთებდი არა საკუთარი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებით და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა და რომლებსაც ამ პროცესების მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება. იგივე მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არა მარტო ეს ფული. ბევრი სხვა გარიგებების დაფინანსების ფული. არასდროს ფული ჩემთვის არ ყოფილა მნიშვნელოვანი“.

კითხვაზე, ეს ხომ არ იქნება ერთგვარი აღიარება, რომ მაშინდელი ხელისუფლება „ვიღაცაზე ზეწოლას ახდენდა“ და ფულს სძალავდა, ოქრუაშვილმა განაცხადა: „ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ მე ფული მოვთხოვე, არა ამ საქმისთვის, არამედ მე ფული მოვთხოვე“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით სასამართლო დავის დაწყებას გეგმავს. სარჩელი სასამართლოში 22 ივლისს შევა. ოქრუაშვილის თქმით, არხი რეალურად მისი საკუთრება იყო, ქიბარ ხალაში კი უბრალოდ ოქრუაშვილს წარმოადგენდა და არსებობს დამადასტურებელი დოკუმენტიც, რომელსაც ხალვაში აწერს ხელს. 

კერძოდ, 2016 წელს ოქრუაშვილმა განასაჯაროვა  დოკუმენტი, რომლის მიხედვით, "რუსთავი 2"-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის.

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, "რუსთავი 2"-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე”, - წერია ოქრუაშვილის მიერ მაშინ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელსაც ქიბარ ხალვაში ყალბს უწოდებს. 

19 ივლისს ოქრუაშვილმა წილების სხვა პირებზე გადაფორმების თავიდან აცილების მიზნით, მათზე ყადაღის დადება მოითხოვა. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp