"რაც არ უნდა ემოციური იყოს რუსეთის განცხადებები, აუცილებელია სტრატეგიული ამოცანების ცივი გონებით განხორციელება"

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, რაც არ უნდა ემოციური იყოს ჩვენთვის რუსეთის მხრიდან განცხადებები, აუცილებელია საღი და ცივი გონებით განხორციელება იმ სტრატეგიული ამოცანების, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკის მთავარი ნაწილია ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში. მათ შორის აღნიშნული სწავლება Agile Spirit სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს ვისმენთ და რაც არ უნდა ემოციური იყოს ეს განცხადებები ჩვენთვის, აუცილებელია საღი და ცივი გონებით იმ მთავარი სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მოსახლეობის არჩევანით დაისახა და რაც პრიორიტეტულია სწორედ ჩვენი ხელისუფლებისთვის. ამ პოლიტიკას, მიუხედავად ცალკეული განცხადებებისა, ჩვენ ცალსახად მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის: 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით, საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას Agile Spirit 2019 (მტკიცე სული 2019) უმასპინძლებს. სწავლება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე 27 ივლისს გაიხსნება.

მტკიცე სული 2019 საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს; მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. შესაბამისად,  სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე გაიმართება. მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას გაერთიანებულ ოპერაციებში.

სწავლების შესახებ თავდაცვის მინისტრმა დღეს პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„წელს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული“. აღნიშნული სწავლება გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, კერძოდ კი, მისი რაოდენობა როგორც სამხედრო მოსამსახურეების, ასევე სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით არის ორჯერ გაზრდილი, ვიდრე შარშან. ეს სწავლება წარმოადგენს ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების წვრთნების ერთ-ერთ ეტაპს, რომელსაც ევროპის სარდლობის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატები ატარებს სამხრეთ ფლანგზე და მისი მიზანია, მრავალეროვნულ გარემოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გავზარდოთ ჩვენი ოპერატიული შესაძლებლობები, გაიზარდოს და თავსებადი გახდეს ჩვენი თავდაცვითი უნარები. რაც ასევე ახალი კომპონენტია აღნიშნული სწავლების ფარგლებში, ეს არის შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. სწავლებაში მონაწილეობის ნატო-ს 14 წევრი და პარტნიორი ქვეყანა და რაოდენობა აჭარბებს 3000 სამხედრო მოსამსახურეს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიას შეფასებით, საქართველო აღნიშნული სწავლებით განამტკიცებს თავის მთავარ პოლიტიკურ პრინციპს  – „მეტი ნატო საქართველოში“.

„დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სწავლება ჩატარდება ძალიან წარმატებულად და კიდევ ერთხელ ამ აქტიურობით განვამტკიცებთ ჩვენს მთავარ პოლიტიკურ პრინციპს, რასაც ჰქვია „მეტი ნატო საქართველოში“ და, რაც პრაქტიკული საფუძველი უნდა იყოს მომავალში ჩვენი ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ქართველებს წამებაში ადანაშაულებენ