ვინ დგას პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან – ბესელიას ვერსია

მმართველი გუნდის ყოფილი წევრის, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებთ, მას გუნდის წევრები "ქართული ოცნებიდან" წასვლის წინ აფრთხილებდნენ ზეწოლა და მორალური ტერორის შესახებ. მოგვიანებით კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა და თითქმის ნახევარი წლის შემდეგაც არ არის პასუხი მთავარ კითხვაზე – ვინ გაავრცელა კადრები. 

​"მასთანაც [ბიძინა ივანიშვილი] მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი - ვინ ჩაიდინა ეს [კადრების გავრცელება] და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული. მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

​პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში,"-ამბობს ეკა ბესელია. 

ბესელიას აღარ აქვს იმედი, რომ გამოძიება დასრულდება, შესაბამისად, დასკვნებს თავად აკეთებს და ფიქრობს, გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ მისი ფარული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან.“

„ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას რომ არ აქვს და არც მე მაქვს ეს არის იმის მიზეზი, რომ კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების და განხორციელების. ამის მიზანი შეიძლება ჰქონოდა იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც მოხდა ჩემი ნაბიჯების გადადგმა.

"ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. ასე რომ მგონია,რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისე როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდამ ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება,“-ამბობს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. სამართალდამცველებმა 10–ზე მეტი პირი დააკავეს, თუმცა მათ შორის ძირითადად  არიან პირები, რომლებმაც კადრები ნახეს, ან სოციალურ ქსელში გადაიზიარეს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp