ირანის მიერ დაკავებულ ბრიტანულ ტანკერზე მყოფი ეკიპაჟის 23 წევრის პირველი კადრები ვრცელდება

მედიაში ვრცელდება ირანის რევოლუციური გვარდიის წევრების მიერ ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ნავთობტანკერის Stena Impero ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 23 წევრის პირველი კადრები. 

ფოტოზე ასახულია ეკიპაჟის წევრები, რომლებიც იატაკზე ზიან. მათგან მოშორებით სავარაუდოდ, მათივე ფეხსაცმელები ყრია. ეკიპაჟის წევრებს ირანის ოფიციალური ესაუბრება.



შეგახსენებთ, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. მალევე გაავრცელეს ვერსია, რომ ტანკერის დაკავების მიზეზი თევსაჭერ გემთან ინციდენტი გახდა. თუმცა გუშინ ირანულმა მხარემ უკვე ღიად განაცხადა, რომ ტანკერის დაკავება ბრიტანეთის მიერ ირანული ტანკერის დაკავების საპასუხოდ მოხდა.

ირანი დაკავებული ტანკერისა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების გათავისუფლებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს. Stena Impero ამჟამად ირანის ბანდარ აბასის პორტში იმყოფება. ტანკერზე გუშინ ირანული დროშა აღმართეს.  

ბრიტანეთი Stena Impero–ს უმოკლეს დროში გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს საპასუხო ზომებით ემუქრება.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ როგორც ირანის პრეზიდენტი, ასევე ქვეყნის უმაღლესი სასულიერო პირი "ბოროტ ბრიტანეთს" "საკადრისი" საპასუხო ხომებით დაემუქრა. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp