სასამართლომ ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას“ წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2“-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ახლა ორი არჩევანის წინაშე დგანან.

„ახლა გვაქვს არჩევანი – გავასაჩივროთ ეს განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამაზე იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ. გადაწყვეტილებას ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია ჩვენი განაცხადით რეესტრში წილების გასხვისებაზე აკრძალვა“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა სასამართლოს 19 ივლისს მიმართა და ტელეკომპანიის ქონების წინასწარ დაყადაღება მოითხოვა, რადგან ოქრუაშვილი აპირებს სასამართლოში სარჩელის შეტანას „რუსთავი 2“-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა, ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა