ბახტაძე – ზუგდიდის მოვლენებზე: "ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა"

საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 19 მაისს არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით ჩატარდება. ამის შესახებ ყაზახეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერმა ქართველ ჟურნალისტებს ზუგდიდში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. 

როგორც ბახტაძე ირწმუნება, ყველა კანონდარღვევას შესაბამისი პასუხი გაეცემა.

“არჩევნების უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რასაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ უნდა მიეცეს საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ამ პროცესს. კანონის დარღვევა, თუ მას ნამდვილად ექნება ადგილი, არავის შერჩება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ ზუგდიდში ოპოზიციური გუნდის კანდიდატს და მის მხარდამჭერებს თავს დაესხნენ. დაკავებულია ერთი პირი, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ მიუხედავად სხვა პირების იდენტიფიცირებისა, მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები არ გატარებულა.

ცნობისთვის: 19 მაისს  მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები ჩატარდება. იმავე დღეს გაიმართება მერების რიგგარეშე (ზუგდიდი, ჭიათურა, მარნეული, ხულო და ზესტაფონი) და საკრებულოების შუალედური არჩევნები (ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში). 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp