დანაშაულის ნიშნები ოქრუაშვილის განცხადებაში: "ფულის გათეთრება, რეკეტი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ან ყველაფერი ერთად"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე თვლის, რომ პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. 

“როდესაც ვსაუბრობთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რომელსაც რამდენიმე ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი, მისი განცხადებები რამდენიმე ნიშანს მოიცავს. ან ეს არის ფულის გათეთრება, რეკეტი, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ან ყველაფერი ერთად. ოქრუაშვილი არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე. ოქრუაშვილი პირდაპირ აცხადებს, "მე არ ვიფორმებდი ქონებას, სხვას ვუფორმებდიო" – ფულის გათეთრება მეტი არაფერია. მთელი შემადგენლობის ნიშნები გვაქვს სახეზე, რომლებმაც შეიძლება, დაადასტუროს ბევრი ის ფაქტი, რომლებზეც ადრე გვქონდა საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში,თუ როგორ მონაწილეობდა სახელმწიფო ქონების გადაფორმებაში, როგორ მონაწილეობდა ის რეკეტში.

პროკურატურა ცალკე უნდა იძიებდეს მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც ოქრუაშვილმა განაცხადა. სასაცილო ეს ნამდვილად არ არის. უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ამბობს, რომ მე სახსრები მოვიზიდე, მას ამის უფლება არ ქონდა. არ შეიძლებოდა ოქრუაშვილს იმ სახსრებთან შეხება ჰქონოდა, გარდა იმისა, რაც სახელმწიფომ სამსახურისთვის გამოუყო”, – აცხადებს დოლიძე.

ცნობისთვის: ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, „რუსთავი 2“ -ს გამოსასყიდად მის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს 1 მლნ 200 ათასი ლარი გადაუხადა, ასევე დავით დვალს გადაუფორმა დაახლოებით, 800 ათასი ლარის ღირებულების კომპანია „ჯორჯიან ონლაინი“. კითხვაზე, თუ სად იშოვა ამ ოდენობის თანხა ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა:„თქვენ წარმოდგენაც არ გაქვს 1 მლნ 200 ათასი რა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მე მქონდა, დაახლოებით იმისთვის, რომ ასეთი ტიპის ფული მეშოვა“.

შემიძლია არ გავამხილო რა თანხებით შევიძინე „რუსთავი 2“, შემიძლია არ გიპასუხოთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ამ საქმეზე ყველა სახის იურიდიული ხანდაზმულობა გასულია და დამთავრებულია, მაგრამ ეს თანხა იქნა მოზიდული ჩემს მიერ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებისგანაც ნებართვა არ მაქვს, რომ მათი სახელები დავასახელო.“

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ის ადამიანები, ვინც მას თანხა მისცეს, საჯარო მოხელეები არ ყოფილან.

კითხვაზე, გამოიყენა თუ არა ოქრუაშვილმა ფულის მოსაძიებლად მაშინდელი თანამდებობა, ასე უპასუხა: „არა, მე მქონდა გარკვეული სახის კავშირები მაშინაც, მანამდეც და მის მერეც. 2003 წელს, კონსპირაციებისა და შეთქმულებების თეორიებს რომ აწყობდით და იძახით, რომ თითქოს სოროსმა დააფინანსა „ვარდების რევოლუცია“, ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთელი კამპანია დაფინანსებული იყო ჩემ მიერ, მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი, ახლაც მაქვს და კიდევ მექნება დიდი ალბათობით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp