რა მოჰყვება პუტინის მიერ “გენოციდის” ხსენებას

მიმდინარე  წლის 9 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 1918 წელს აფხაზეთში და 1920 წელს სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდი” უწოდა: «ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ... ურიგო არ იქნება, ეს ყველაფერი იცოდეს და ახსოვდეს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუ სურთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობები დაამყარონ”.

უკვე 10 დღეში  კი, 19 ივლისს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთს “1920 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ ოსების გენოციდის” აღიარების თხოვნით მიმართა. მიმართვის ტექსტი რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობასაც გადაეგზავნათ.

«ქართული აგრესიისთვის ფორმალურ საბაბად სამხრეთ ოსეთის რევკომის 1920 წლის 8 ივნისის ბრძანება იქცა "სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და საბჭოთა რუსეთისადმი მიერთების შესახებ". უკვე 12 ივნისს კი ქართულმა არმიამ პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. ქართულმა ჯარებმა გადაწვეს პრაქტიკულად ყველა ოსური სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთ დაბა რუქამდე, გაწყვიტეს მოსახლეობა, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ჩათვლით» - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

როგორც მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორი – პარტია “ნიხასის” წევრი, დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი განმარტავს, იდეა ადრეც არაერთგზის დამდგარა დღის წესრიგში,  ამჯერად კი მისი წამოწევა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ “მომავალ წელს ოსების გენოციდის მე-100 წლისთავია”:

”ჩვენ პირველები არ ვართ, ვისაც ოსების გენოციდის აღიარების  საკითხი დაუყენებია დღის წესრიგში: ჩვენამდე იგი გასული საუკუნის 90-იან წლებში წამოსწიეს, შემდეგ, 2006-2007 წლებში დეკლარაციაც კი მომზადდა 1920 და 1989-92 წ.წ. გენოციდის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებასთან ერთად. ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ 1920 წლის გენოციდის აღიარების შემთხვევაში საქართველო 1989 და 2008 წლებში ასე ვეღარ მოგვექცეოდა”.

როგორც რუსი პოლიტოლოგი ნიკოლაი სილაევი აღნიშნავს, პუტინის მიერ იმ მოვლენების “გენოციდად” შეფასებამ ოსები და აფხაზები შეაგულიანა, თუმცა პრეზიდენტის ეს სიტყვები სულაც არ გულისხმობს იმას, რომ რუსეთი მზადაა, აფხაზებისა და ოსების გენოციდი აღიაროს. მეტიც, მისი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, მოსკოვმა  მსგავსი ნაბიჯი გადადგას:

«ზოგადად, რუსეთი გენოციდების იურიდიულად აღიარებას ძალზე ფრთხილად ეკიდება. მართალია, აღიარეს სომხების გემოციდი, ასევე ჰოლოკოსტი,  თუმცა არა მგონია, გენოციდად კიდევ რამე აღიარონ. რაც შეეხება  მოსაზრებას, რომ რაკი საქართველომ ჩერქეზების XIX საუკუნის გენოციდი აღიარა, ახლა საპასუხოდ რუსეთი აღიარებს XX საუკუნეში აფხაზებისა და ოსების გენოციდს, ჩემი ინფორმაციით, თბილისის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარებას მოსკოვი ისტორიული და მით უფრო სამართლებრივი საფუძვლების არმქონე გადაწყვეტილებად მიიჩნევს, რომელიც საქართველოს არ უნდა მიეღო, ხოლო არასწორი გადაწყვეტილების საპასუხოდ ანალოგიური ნაბიჯების გადადგმას რუსეთი არ დაიწყებს».

მისი კოლეგა ვლადიმირ ნოვიკოვი კი ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას “მსოფლიოს წინაშე ოსების ისტორიული სიმართლის შესახებ განაცხადად” აფასებს და თვლის, რომ “სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს” არსებობას ორი სახის საფუძვლები გააჩნია: პოლიტიკურ-სამართლებრივი და ისტორიული.

“პირველი -  პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი უკავშირდება გვიანი საბჭოთა პერიოდის კანონმდებლობას სამოკავშირეო რესპუბლიკების სსრკ-ის შემადგენლობიდან გასვლისა და ეროვნულ ავტონომიებთან მათი ურთიერთობის შესახებ. აი, ამ სამართლებრივი საფუძვლების თვალსაზრისით სამხრეთ ოსეთის ქცევას ნაკლს ვერ მოუძებნი. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის ოპონენტების განცხადებებს, რომ “შესაძლოა, პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი არსებობდა კიდეც, თუმცა ისინი არ გულისხმობდა საქართველოს უცილობელ დაშლას და რომ არა მოსკოვის მხრიდან სეპარატისტების წაქეზება, ეს არ მოხდებოდა”, ამას სწორედ მეორე – ისტორიული საფუძვლების დასახელებით უნდა ვპასუხობდეთ. კერძოდ, პოსტსაბჭოთა კონფლიქტი – ეს არ იყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული სტიქიური მოძრაობა; ორჯერ თავის ისტორიაში - 1918-1921 და 1989-1992 წლებში საქართველომ რუსეთის იმპერიად ან საბჭოთა კავშირად წოდებული დიდი ქვეყნისგან სეცესია განახორციელა და აი, ამ მომენტებში ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ გარკვეული ქართული პოლიტიკური ძალები ოსების მიმართ, ასე ვთქვათ, ექსტრემალურად გენოციდური სახით იქცეოდნენ. ანუ, შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთის იმპერიის ნამსხვრევებზე ქართული სახელმწიფოებრიობის მონიშნვის მცდელობა უმწვავეს ეთნიკურ კონფლიქტამდე დავიდა  და ეს კონფლიქტი არ დაიყვანება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნიუანსებამდე, როგორც ცდილობს ამის წარმოჩენას თბილისი. სწორედ ესაა ჩვენი ისტორიული სიმართლე».

რუსი პოლიტოლოგის არგუმენტებს აბსურდს უწოდებს კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.  


"საბჭოთა კავშირამდე სამხრეთ ოსეთის რაიმე სუბიექტის სახით არსებობა ნონსენსია: ცხინვალის მთელი რეგიონი შედიოდა თბილისის გუბერნიაში, რომელიც ქართლ–კახეთის სამართალმემკვიდრე გახლდათ. მეტიც, ცხინვალში თითქმის არ ცხოვრობდნენ ოსები. იქ ძირითადად წარმოდგენილნი იყვნენ ქართველები, სომხები და ებრაელები. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში არსებული ალაგირის რაიონის ნაწილიც – ისტორიული დვალეთი თბილისის გუნებნიის შემადგენლობაში შედიოდა, კიდევ უფრო ადრე – ქართლ–კახეთის სამეფოს. ის ოსებიც კი, რომლებიც თანამედროვე ჯავის რაიონში სახლობდნენ, ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეებსა, თუ მათ სამართალმემკვიდრეებს. ამდენად, ოსური სახელმწიფოს არსებობაზე საუბარი სრული აბსურდია. ეს თვით ერთ–ერთმა რუსმა იმპერიალისტმა მაქსიმ შევჩენკომაც დაადასტურა საკუთარ ინტერვიუში",– განუცხადა "აქცენტს" კავკასიოლოგმა.  

რაც შეეხება გენოციდს, კავკასიოლოგი სეპარატისტებს ურჩევს, მის არსში გაერკვნენ. 

"გენოციდის საკითხით მანიპულაცია ოსი სეპარატისტების ერთ–ერთი საყვარელი ხრიკია. ისინი იგივე ტექტიკას იყენებენ ინგუშებთან მიმართებით, ამავე ტაქტიკას იყენებდნენ 1990–იან წლებში და ა.შ. თუმცა რატომღაც, ამ "გენოციდის" შემდეგ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იზრდებოდა, რაც ნონსენსია მსოფლიოს ისტორიაში. გენოციდი ნიშავს რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, პოლიტიკური და ა.შ. ნიშნით ადამიანთა დიდი ჯგუფის განადგურებას და ტერიტორიიდან გაძევებას და არა კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას". 

ამასთან, კავკასიოლოგი არ ელის, რომ კრემლი, მიუხედავად პუტინის განცხადებისა, ამ მიმართულებით რაიმე სახის ნაბიჯს გადადგამს. მიზეზად კვახაძე რუსეთის ფედერაციის შიგნით არსებულ პრობლემებს ასახელებს უშუალოდ გენოციდთან დაკავშირებით: 

"აქამდე ოსები ძირითადად 90–იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტისა და 2008 წლის ომის გენოციდად წარმოჩენას ცდილობდნენ, განსაკუთრებით აპელირებდნენ ძარის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე [90–იან წლებში]. ოსების ვერსიით, ორმხრივი სროლისას ოსი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და ამას გენოციდის ფაქტად ასახელებდნენ, მაგრამ 20–იან წლებზე აპელირება ახალია. რა თქმა უნდა, ოსები თავიანთი ისტორიული ნარატივის წინ წამოწევას ცდილობენ.  თუმცა, არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ მიმართულებით ოფიციალურად გადადგამს რაიმე სახის ნაბიჯს: რუსეთს თავად აქვს გენოციდის პრობლემა იგივე ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების. ამის რეალური მტკიცებულებებიც არსებობს და ეს თავად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც კი აქვთ აღიარებული: ყაბარდო–ბალყარეთმა და ადიღეს რესპუბლიკამ 90–იან წლებში აღიარეს ჩერქეზთა გენოციდი. გარკვეული პრეტენზიები აქვთ ჩუქჩებს, თათრებს და რუსეთში მცხოვრებ სხვა ერებსაც. ამიტომ, გენოციდის აღიარების კუთხით მოსკოვის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა, თავად რუსეთის ფედერაციაშივე გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რაც კრემლის ინტერესში არ შედის.  თუმცა ვფიქრობ, ის საკუთარი სპეცსამსახურების გამოყენებით აუცილებლად შეეცდება ამ აზრის დამკვიდრებას კავკასიელ ხალხებში, რათა ქართველები წარმოაჩინოს მცირე ერების გამანადგურებლებად, თავად კი – დამცველად". 

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის შეფასებით, "ქართულ –ოსურ ურთიერთობებში იყო შავი ლაქები, რაც გენოციდად ვერ შეფასდება". რაც შეეხება რუსეთს, კონფლიქტოლოგი მას საკუთარ "პანდორას ყუთს" შეახსენებს.  


“ოსები კარგა ხანია ამ საკითხს აყენებენ. ე.წ. გენოციდის თემითაა გაჟღენთილი მთელი ადგილობრივი ისტორიოგრაფია. ამაზე წერენ როგორც ადგილობრივი ისტორიკოსები, ასევე ჩრდ. ოსეთის ისტორიკოსების ნაწილი. გასაგებია, რომ ცდილობენ, ამ მყველაფერს მისცენ პოლიტიკური დატვირთვა და საფუძვლად დაუდონ "დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს". ეს მეთოდი, ზოგადად, არახალია, თვითვიქტიმიზაციასა და შემდეგ ამაზე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებასაც ბევრი ცდილობდა ნაწილობრივი წარმატებით. მართლაც, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში არის “შავი ლაქები”, შორს რომ არ წავედით - 90-იან წლებში: იყო რიგი დისკრიმინაციული გამოთქმები და ქმედებებიც კი. თუმცა გენოციდი სრულიად სხვა რანგის დანაშაულია - აქ უნდა იყოს განცხადებებიც, მასობრივი ჟლეტაც ეთნიკურ ნიადაგზე და ა.შ., ასეთი რამ კი ქართულ-ოსურ ურთიერთობებში  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასოდეს განხორციელებულა. მეტიც, 2008 წელს სწორედ ოსურმა მხარემ გაასწორა მიწასთან მრავალი ქართული დასახლება. ამიტომ, რაც არ უნდა ამტკიცოს ოსურმა მხარემ, რაიმე სახის სერიოზული მტკიცებულებების წარმოდგენა გაუჭირდება. როგორ იმოქმედებს რუსეთი? რთული სათქმელია, თუმცა საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე - იგივე ჩეჩნეთში, ზოგადად ჩრდილოთ კავკასიაში, ტრადიციულად, რუსეთი ერიდება გენოციდებისა და ეთნიკური წმენდების თემას. ეს საკითხი მათთვის პანდორას ყუთივითაა. არც პოლიტიკური კონიუნქტურაა შესაბამისი, თითქოსდა ქართულ-რუსული ურთიერთობები კვლავ ძველ კალაპოტს უბრუნდება, ამიტომ  არა მგონია, ოსური მხარის თხოვნა ამ ეტაპზე რუსებმა სერიოზულად განიხილონ",– განუცხადა "აქცენტს" კონფლიქტოლოგმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"